ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ჯერ კამპანია აწარმოეს, თითქოს ჩვენ ამ რეზოლუციას მხარი დავუჭირეთ, შემდეგ ასწიეს ახალი ისტერია, როგორ არ დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“ რეზოლუციას მხარიო
„ჯერ კამპანია აწარმოეს, თითქოს ჩვენ ამ რეზოლუციას მხარი დავუჭირეთ სადაც ჯო უილსონის შეპარებული წინადადება ეწერა ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ერთწუთიან ტყუილებზე არიან დასულები და შემდეგ გამომჟღავნდა, რომ ჩვენ მხარი არ დაგვიჭერია,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციური პარტიებისა და მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„შემდეგ ასწიეს ახალი ისტერია და კამპანია, რომ როგორ არ დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ რეზოლუციას მხარი, სადაც ეწერა ჩვენთვის სასარგებლო რამ ოკუპაციასთან დაკავშირებით, რუსეთთან დაკავშირებით, სირიამ რომ უნდა გაიწვიოს ის აღიარებები და ასე შემდეგ და მერე ამაზე ააგეს თავისი დღის წესრიგი. ეს ყველა პუნქტი და ყველა აბზაცი, რაც ახლა მე ჩამოვთვალე, ჩვენი დელეგაციის მხრიდან იყო ჩაწერილი და რა თქმა უნდა, როდესაც აბზაც-აბზაც ხდებოდა ყველა პუნქტის გავლა, ჩვენი დელეგაცია თავისთავად დაეთანხმა ამ ყველა აბზაცს და პუნქტს, ვინაიდან ჩვენივე ინიციირებული იყო“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციურმა მედიამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ასევე, ითქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ” მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც სირიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ცნობისთვის, ეს შესწორება დოკუმენტში სწორედ ქართული მხარის მოთხოვნით შევიდა.