დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა – ისტორიაში პირველად, ზაფხულის სამი დღე უმოკლესი იქნება
მეცნიერები აცხადებენ, რომ მომდევნო კვირებში დედამიწას საშუალოზე სამი საოცრად მოკლე დღე ექნება, რადგან დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა.
Popular Mechanics-ის ანგარიშის თანახმად, ჩვენი პლანეტის დღიური ბრუნვა ჩვეულებრივ დაახლოებით 86,400 წამის – ანუ 24 საათის – ეკვივალენტურია, მაგრამ ამ ზაფხულს იქნება სამი დღე, როდესაც ის 1.51 მილიწამით შემცირდება.
საერთაშორისო როტაციისა და საცნობარო სისტემების სამსახურმა დაადგინა, რომ 9 ივლისს, 22 ივლისსა და 5 აგვისტოს მოკლე დღე-ღამე იქნება.
მეცნიერების თქმით, ეს თარიღები იმ პერიოდს დაემთხვევა, როდესაც მთვარე ეკვატორიდან ყველაზე შორს იქნება, რაც გავლენას მოახდენს დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე.
2020 წლიდან დაფიქსირებული ყველაზე უმოკლესი დღე 2024 წლის 5 ივლისია, რომელიც საშუალოზე სრული 1.66 მილიწამით მოკლე იყო – ექსპერტებს არ შეუძლიათ დაადგინონ გაზრდილი აჩქარების მიზეზი.
„ამას არავინ ელოდა“, – განუცხადა TimeandDate.com-ს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის ბრუნვის ექსპერტმა ლეონიკ ზოტოვმა აჩქარების ტენდენციასთან დაკავშირებით.
„ამ აჩქარების მიზეზი აუხსნელია. მეცნიერთა უმეტესობა თვლის, რომ ეს დედამიწის შიგნით არსებული ფენომენია. ოკეანისა და ატმოსფერული მოდელები ამ უზარმაზარ აჩქარებას ვერ ხსნის“, – დასძინა ზოტოვმა.
გასულ წელს ჟურნალ „Nature“-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დედამიწის ოფიციალურ დროის მაკონტროლებლებს შესაძლოა პირველად მოუწიოთ რადიკალური ზომების მიღება, რათა ახალ ტემპს ფეხი აუწყონ – 2029 წლისთვის „უარყოფითი ნახტომი წამის“ დანერგვა.
„ეს უპრეცედენტო სიტუაციაა და დიდი ამბავი“, – განაცხადა მაშინ კვლევის წამყვანმა ავტორმა და კალიფორნიის უნივერსიტეტის სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის გეოფიზიკოსმა, დუნკან აგნიუმ.
„დედამიწის ბრუნვაში ეს არ არის უზარმაზარი ცვლილება, რომელიც რაიმე კატასტროფას ან რამე სხვას გამოიწვევს, მაგრამ ეს არის რაღაც აღსანიშნავი. ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ჩვენ ძალიან უჩვეულო დროში ვცხოვრობთ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე დღეები ყოველთვის 24-საათიანი არ ყოფილა, ბრინჯაოს ხანაში ბრუნვები დაახლოებით 23 საათს შეადგენდა.