“ჩვენ ყველა იმ ფესტივალში ვიღებთ მონაწილეობას, რომელიც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის წარმოჩენისთვის” – ლევან მეხუზლა
“ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საბოლოოდ, გულისხმობს, რომ ქართულმა ღვინის მწარმოებლებმა მიაღწიონ წარმატებას მსოფლიო ბაზარზე. თუმცა, არის კომპონენტები, რომლებიც პირდაპირ მათზე გათვლილი და მათთვის შექმნილია”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ განუცხადა.
„თუ აქაური მწარმოებელი, რომელსაც გააქვს ღვინო ექსპორტზე, შესაბამის თანხას დახარჯავს თავისივე პროდუქტის მარკეტინგზე საზღვარგარეთ და ეს აღმოჩნდება ეფექტიანი და იქნება ექსპორტის ზრდა, გარკვეული რაოდენობით ამ დახარჯულ თანხას ღვინის ეროვნული სააგენტო მას აუნაზღაურებს. ამ პროგრამაზე განაცხადების მიღება გამოვაცხადეთ და ველით, რომ ძალიან ბევრი კერძო ღვინის კომპანია ჩაერთვება ამ კომპონენტში.
გარდა ამისა, არ გვავიწყდება ადგილობრივი ფესტივალები და ღვინის გამოფენები და ჩვენი ერთ-ერთი პროგრამის დახმარებით, არაუმეტეს დახარჯული თანხის 70%-ისა – არაუმეტეს 150 000 ლარისა, ვუნაზღაურებთ ადგილობრივ ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციის მიზნით გამართულ ღონისძიებებს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა იმ ფესტივალში ვიღებთ მონაწილეობას, რომელიც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის წარმოჩენისთვის. წელს იყო „Wine Paris“, ასევე გამოფენა გერმანიაში, ჩინეთში. უახლოესი გეგმები გახლავთ ლონდონში რამდენიმე ღონისძიება. წლის ბოლოს იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოფენა ჩინეთის მიმართულებით”, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.