“გაერო-ს რეკომენდაციებით, ავტომობილის ხმაურიანი მაყუჩებით გადაადგილება ხმაურით დაბინძურებაა, რაც ადამიანის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს”- ირაკლი იზორია
“გაერო-ს რეკომენდაციებში დაიწერა ის, რომ ხმაურიანი მაყუჩებით გადაადგილება ხმაურით დაბინძურებაა, რაც ადამიანის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, მით უმეტეს, ადამიანი თუ ძილის პროცესშია. შესაბამისად, მოსახლეობას ეს დისკომფორტი რომ მოეხსნას, მსგავსი ხელოვნური ჩარევების აკრძალვა მოხდება”- ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, „საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი იზორიამ, მედიაჰოლდინგ “კვირას”პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იზორია საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული. თვითნებურად გადაკეთებულად ჩაითვლება, მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მაყუჩი ექნება გადაკეთებული.
“მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებში გვესმის, რომ ღამის საათებში, ხშირ შემთხვევაში ხმამაღლა მოსიარულე ავტომობილებით გადაადგილება ხდება, რაც მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნის. გაერო-ს რეკომენდაციებში დაიწერა ის, რომ ხმაურიანი მაყუჩებით გადაადგილება ხმაურით დაბინძურებაა, რაც ადამიანის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, მით უმეტეს, ადამიანი თუ ძილის პროცესშია. შესაბამისად, მოსახლეობას ეს დისკომფორტი რომ მოეხსნას, მსგავსი ხელოვნური ჩარევების აკრძალვა მოხდება. ავტომობილი აუცილებლად სტანდარტულად, ქარხნული მაყუჩით უნდა იყოს და არა გადაკეთებული მაყუჩით, რათა მაღალი ხმით სიარული ვერ მოახერხოს.
ამასთანავე, არ უნდა მოხდეს ციმციმა შუქების გამოყენება. ადამიანები ხშირად ავტობანზე არალეგალურად ციმციმა შუქებით სარგებლობენ. მძღოლებს ეს საპატრულო პოლიციის მანქანა ჰგონიათ და გზას უთმობენ. აქაც 2000-ლარიანი ჯარიმა გვექნება”- განაცხადა იზორიამ.
ცნობისთვის, შეგახსენებთ, რიგ დარღვევაზე მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევიდა.
“ცვლილების თანახმად, თვითნებურად გადაკეთებულად ჩაითვლება, მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მაყუჩი ექნება გადაკეთებული.
კანონპროექტის თანახმად, იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული. კერძოდ, აღნიშნული ქმედება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. გარდა ამისა, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება მძღოლი ჩამოაშოროს სატრანსპორტო საშუალების მართვას და სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. ასევე, აკრძალული იქნება იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული.
კანონპროექტით, პასუხისმგებლობა წესდება სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის. აღნიშნული ქმედება პირველ შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 15 ქულით. ქმედების განმეორების შემთხვევაში, განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.
“-წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.