ახალციხემ დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა

ახალციხემ დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა 400-მდე ვაკანსიას. ვაკანტური ადგილები წარმოდგენილია ისეთ სფეროებში, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, სასტუმრო ინდუსტრია, წარმოება, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტები და ა.შ.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, დასაქმების ფორუმები მუდმივად ტარდება თბილისსა და რეგიონებში. ფორუმების მიზანია სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა ურთიერთდაკავშირება და მოქალაქეების ეკონომიკური გაძლიერება.

ფორუმის პარალელურად, დღეს ახალციხეში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის-ცენტრი გაიხსნა. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ეწვიონ ახალციხის ადგილობრივ ოფისს და გაეცნონ აქტიურ ვაკანსიებს ან ჩაერთონ პროფესიული სწავლების სხვადასხვა პროგრამებში.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური რეგიონის ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის, თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათ სააგენტოს სერვისებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს,სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის’’ ორგანიზებით ჩატარდა.
ახალციხის შემდეგ, დასაქმების ფორუმს უკვე კახეთი უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები