“ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის ხელისუფლების მიზანმიმართული სოციალური პოლიტიკა უზრუნველყოფს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობის აბსოლუტურ და შეფარდებით შემცირებას“ – სოსო არჩვაძე

საქართველოს ეკონომიკის დინამიკური, ორნიშნა ზრდა ადეკვატურად აისახება უმუშევრობის შემცირებაში, მოსახლეობის დასაქმებისა და კეთილდღეობის ამაღლებაში. აღნიშნული ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის ხელისუფლების მიზანმიმართული სოციალური პოლიტიკა უზრუნველყოფს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობის აბსოლუტურ და შეფარდებით შემცირებას,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე აცხადებს.

“დღეს ისტორიული მინიმუმის დონეზეა დასული არა მარტო უმუშევრობის, არამედ სიღარიბის დონეც. – 2022 წელს ის 1.9 პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა. ერთი წლის მანძილზე სიღარიბე ფაქტობრივად დაძლია 77.7 ათასმა ადამიანმა, რაც ფაქტობრივად იმდენივეა, რამდენიც მაგალითად, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის საერთო რაოდენობა. თუ ბოლო ათწლიან პერიოდს შევაფასებთ, ამ ხნის მანძილზე სიღარიბე დაძლია 549 ათასმა ადამიანმა, ანუ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაზე გაცილებით მეტმა.

მხოლოდ ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში გაიზარდა: დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა – 41.5 ათასი კაცით, ხოლო საშუალო ხელფასი – 287.3 ლარით. ამასთან, საშუალო ხელფასის ზრდამ ორჯერ გადააჭარბა ინფლაციის ტემპს, რის გამოც რეალური ხელფასი 2022 წელს მნიშვნელოვნად – 9.7 პროცენტით გაიზარდა. მხოლოდ ამის – დასაქმებულთა რაოდენობისა და საშუალო ხელფასის ზრდის – ხარჯზე 2022 წელს მოსახლეობის ერთობლივი მყიდველობითი უნარიანობა თითქმის 150 მილიონი ლარით გაიზარდა.

დასაქმებისა და ხელფასების ზრდის გარდა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და სიღარიბის დაძლევაში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკით გათვალისწინებული დახმარებების ზრდა (მიზნობრივი სოციალური დახმარებები, ბავშვთა შემწეობები, პენსიების ზრდა, etc.), რაც აძლიერებს მოსახლეობის სოციალურ დაცულობას, მატებს ოპტიმიზმს ხვალინდელი დღისადმი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების სოციალური მდგრადობის უზრუნველყოფაში.

რა თქმა უნდა, სიღარიბე კვლავ რჩება ქართული სახელმწიფოს ერთერთ სერიოზულ გამოწვევად. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ჯერ ერთი, აღნიშნული პრობლემა მეტ-ნაკლები სიმწვავით ყველა, მათ შორის საქართველოზე ეკონომიკურად გაცილებით ძლიერ სახელმწიფოებსაც უდგათ (მაგალითად, აშშ-ში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რაოდენობა თითქმის იმდენივეა, რამდენიცაა პოლონეთის მთელი მოსახლეობა), მეორეც, ქვეყნის ეკონომიკის დაჩქარებული ზრდა და ხელისუფლების ეკონომიკური და სოციალური ინკლუზიური პოლიტიკა ქმნის მყარ საფუძველს სიღარიბის მასშტაბების კიდევ უფრო მეტად შემცირებისათვის როგორც ზოგადად, ისე ქალაქ-სოფლისა და გენდერულ ჭრილში.

სიღარიბის შემცირების კიდევ ერთი თანმდევ პოზიტიურ შედეგს წარმოადგენს შემოსავლების უთანასწორობის შემცირებაც. – ბოლო 10 წელიწადში (2022 წელს 2012 წელთან შედარებით) ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით შემცირდა 0.42-დან 0.36-მდე, მთლიანი ხარჯების მიხედვით, შესაბამისად – 0.48-დან 0.39-მდე, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით – 0.41-დან 0.34-მდე”,- წერს არჩვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები