ნინო ენუქიძე: „პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, განისაზღვრება და დადგენილების სახით დამტკიცდება სახელმწიფო ქონების პირდაპირი გზით მიყიდვის და გაცვლის კონკრეტული წინაპირობები”

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან გაცვლა განხორციელდება მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას – ამ შინაარსის ცვლილება შედის „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში, რომელსაც საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით მომზადდა.

„საქართველოს მთავრობამ მოიწონა „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი. ეს არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არსებული პრაქტიკა გასწორდება და დარეგულირდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის, ასევე გაცვლის დროს შესაბამისი წინაპირობები – დაკონკრეტდება, რა შემთხვევებში და რა წინაპირობების არსებობისას იქნება შესაძლებელი ამა თუ იმ სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან გაცვლა” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების აუცილებლობა იმან განაპირობა, რომ მოქმედი კანონმდებლობით არ არის დადგენილი წინაპირობები, თუ რა შემთხვევებში შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით გასხვისება. როგორც ნინო ენუქიძემ განმარტა, აქამდე სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე განკარგვის პირობებს ინდივიდუალურად ადგენდა საქართველოს მთავრობა და იღებდა გადაწყვეტილებებს, თუმცა, მისი შეფასებით, უმჯობესია, კანონის ფარგლებში, მკაფიოდ განისაზღვროს სახელმწიფო ქონების პირდაპირი გზით პრივატიზების ან გაცვლის კონკრეტული წინაპირობები.

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ აუცილებელია წინაპირობების დადგენა, თუ რა შემთხვევებში უნდა გამოიყენოს საქართველოს მთავრობამ ეს საგამონაკლისო ნორმები, ამიტომ, სწორედ აღნიშნული კანონპროექტით, მთავრობა ვალდებული იქნება ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით, კანონპროექტის მიღებიდან სამოცი დღის ვადაში შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს ეს წინაპირობები, რომლის მიხედვითაც მოხდება ქონების განკარგვა როგორც გაცვლის, ასევე პირდაპირი მიყიდვის დროს” – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული ცვლილებების პროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს და კანონის ძალაში შესვლიდან 60 დღის ვადაში, ეკონომიკის სამინისტრო მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგენს ქონების პირდაპირი მიყიდვის და გაცვლისთვის კრიტერიუმებს, რომლებიც შემდგომ დამტკიცდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები