ComCom-ის თანამშრომლები ევროპელმა ექსპერტებმა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მედიამომსახურებების რეგულირების მიმართულებით გადაამზადეს

კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლები Cullen International-ის ექსპერტებმა ელექტრონული კომუნიკაციების და მედიამომსახურებების რეგულირების მიმართულებით გადაამზადეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მედიამომსახურებების რეგულირებასთან დაკავშირებულ სესიას კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია Wagner Hatfield-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ჟან ფრანსუა ფურნემონი უძღვებოდა. სესია მიზნად ისახავდა თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და “მაუწყებლობის კანონში” შესული ცვლილებების ეფექტიან აღსრულებას. კერძოდ, 2022 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, რომლის მიზანიც მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება და აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების 2010/13/EU ევროდირექტივასთან ჰარმონიზაცია იყო. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი გადაცემები და რეკლამები დარეგულირდა, ასევე, კანონით განისაზღვრა პასუხის გაცემის უფლება, რაც პირს აძლევს შესაძლებლობას, მოსთხოვოს მაუწყებელს პასუხის გაცემის უფლება, თუ მიიჩნევს, რომ მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტი გავრცელდა.

გარდა ამისა, რეგულირებას დაექვემდებარა გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება (VOD) და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდება (VSP). სწორედ ამ ცვლილებების ეფექტიანი აღსრულების მიზნით, ComCom-ის თანამშრომლებს ევროპელმა ექსპერტებმა საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს. თანამშრომლების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამუშაო სესიები ასევე ჩატარდა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მედიამომსახურებების რეგულირების მიმართულებით.
შეხვედრას Cullen International-ის მთავარი ანალიტიკოსი და კონკურენციის ექსპერტი, ვერონიკა ბოკაროვა და ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი, დრის ინდესთიჯი უძღვებოდნენ, რომლებიც სესიაზე ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების, ზარის დასრულების, მობილურ ქსელზე დაშვებისა და საერთაშორისო როუმინგული მომსახურების რეგულირებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ComCom-ის თანამშრომლებს უზიარებდნენ. კომუნიკაციების კომისიისთვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება მთავარ პრიორიტეტად რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები