ლევან იზორია: ბერლინში საქართველოს ელჩების შეხვედრაზე განვიხილავთ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, ასევე, გერმანიის მხარდაჭერის საკითხს ევროინტეგრაციის გზაზე
დღეს ქალაქ ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა ამბასადორიალი გაიმართება.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი გახსნის.
როგორც გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა, შეხვედრაზე განიხილავენ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, ბერლინში ტარდება საქართველოს ელჩების სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილავთ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას. ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერაზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის ერთგვარი გაგრძელება იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა. მინდა, აღვნიშნო საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონი ბერბოკის ვიზიტის ორგანიზება, სადაც ძალიან მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა. ეს შეხვედრაც იქნება ერთგვარი მობილიზება ევროპის დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით მხარდამჭერ ქვეყანაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რათა ამ ბოლო ეტაპზე, როდესაც მთელი საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს ევროკომისიისგან, ჩვენი პარტნიორებისგან ძალების მობილიზაცია მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ლევან იზორიამ.