შალვა პაპუაშვილი „გირჩის“ ტრენინგებზე: იარაღთან ხდება ახალგაზრდების გარკვეული გაშინაურება, რათა მათ არ მოერიდოთ საჭირო დროს ამ იარაღის გამოყენება
ეს ყველაფერი ფინანსდება უცხოური წყაროებით. იარაღთან გარკვეული გაშინაურება ხდება ახალგაზრდების, რომ მათ არ მოერიდოთ საჭირო დროს ამ იარაღის გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გირჩის“ ტრენინგების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ და სხვა პარტიებს ასევე აქვთ დაფუძნებული ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები.
„ასეთი სქემები გამოაშკარავდა „გირჩის“, „დროას“, სხვა პარტიების შემთხვევაში. „ევროპულ საქართველოსაც“ აქვს ჩამოყალიბებული ყალბი არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს ორგანიზაციები არა უბრალოდ აფილირებულია ამ პარტიებთან, არამედ პირდაპირ მათი ლიდერების დაფუძნებულია, იმართება მათ მიერ და პოლიტიკური ფული გრანტად ფორმდება. მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა საგამოძიებო სიუჟეტი, სადაც ნაჩვენებია ზურაბ ჯაფარიძის და მისი თანამოაზრეების მიერ უქმეებზე სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი ტრენინგების შესაძლო შინაარსი და მიზანი.
ფარულ აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, პარტიის ლიდერები დეტალურად განიხილავენ, თუ როგორ უნდა გადაიზარდოს პროტესტში ე.წ. თავისუფალი უქმეები.