შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია ფარისევლურია არა მხოლოდ ქოლცენტრების საქმეზე, გვახსოვს ქსენოფობიური კამპანია რუსი ეროვნების ადამიანებისადმი, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ მათზე ფართები ჰქონდათ გაქირავებული
ვხედავთ, რამდენად ფარისევლურია ჩვენი ოპოზიცია არა მხოლოდ ქოლცენტრების საქმეზე, სადაც აღმოჩნდა, რომ თავად არიან მთავარი პერსონაჟები ამ პროცესში, არამედ სხვა დროსაც გვახსოვს, როგორი ქსენოფობიური კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული რუსი ეროვნების ადამიანების მიმართ და ბოლოს აღმოჩნდა, რომ თავად ჰქონდათ ფართები მიქირავებული რუსეთის მოქალაქეებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ეს არის ოპოზიციის სახე.
„ერთია, რასაც ისინი საუბრობენ მათივე მედიაში, მეორეა მათი რეალური სახე. ყველაზე კარგია, რომ ქართული საზოგადოება ამ რეალურ სახეს ხედავს და ამაზე მიუთითებს ის არარსებული რეიტინგი, რაც მათ აქვთ. ფაქტობრივად, ხალხის ნდობა განულებული აქვთ. სწორედ იმიტომ, რომ ეს ნდობა არ აქვთ, შუალედურ არჩევნებში კანდიდატები არ დააყენეს. საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებზე და 2024 წელზე, ახლახან კი, კანდიდატის დასახელება ვერც კი გაბედეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.