„საქართველო არამარტო გადარჩება, არამედ იქნება სიკეთისა და ჭეშმარიტების მქადაგებელი“
სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, საქართველო არამარტო გადარჩება, არამედ იქნება სიკეთისა და ჭეშმარიტების მქადაგებელი.
მისივე თქმით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის საქართველოს მფარველი. ღვთის განგებით მას წილად ერგო საქართველო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განსაკუთრებით მფარველობს ქვეყანას.
“ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა განსაკუთრებით მფარველობს საქართველოს და ამას ჩვენ ვხედავთ ჩვენი წარსულით. რამდენი სისხლი და ცრემლი უნახავს სიონის საკათედრო ტაძარს და რამდენი ბედნიერი დღეები”, – ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესმა ქადაგების დროს გაიხსენა ის დღე, როდესაც სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო და სიონში ყოფნისას დიდი მადლის მიღება იგრძნო.
“ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, ისეთი მადლი ტრიალებდა, რომ ტაძრიდან წასვლა არ მინდოდა. ყველაფერთან ერთად კანდელის ზეთი გადმომესხა და ეს იყო კიდევ ერთი დიდი ნიშანი ღვთის მადლისა. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როდესაც სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს. უფრო სწორედ ბოროტება ებრძვის სიკეთეს, მაგრამ სულ ამაოა ეს ბრძოლა. “კეთილმა სძლია ბოროტსა, არსება მისი გრძელია”. დაგლოცოთ და გაგახაროთ უფალმა. სიონის მადლი გეწეოდეთ თქვენ ყველას”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.