მწერალთა სახლი და ქართული ლიტერატურა – ბუენოს-აირესის წიგნის ბაზრობაზე
ესპანურენოვანი ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, ბუენოს-აირესის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ქართული სტენდი გაიხსნა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან თანამშრომლობით, კოლექტიურ სტენდზე წარმოდგენილია საქართველოს სტენდი, სლოგანით – „ევროპული ამბები“.
„ევროპული ამბების“ თაროებზე განთავსებულია ქართველი ავტორების უახლესი თარგმანები ესპანურ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე, რომლებიც მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამოიცა.
ბუენოს-აირესის წიგნის ბაზრობაზე მისულ დამთვალიერებელს საშუალება აქვს, გაეცნოს ესპანურ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე თარგმნილ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, ასევე – მწერალთა სახლის მიერ მომზადებულ კატალოგებს ქართველი მწერლების შესახებ.
„ქართული დელეგაცია ბუენოს – აირესში პანელურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. ასევე საქმიან შეხვედრებს გამართავს კულტურის სფეროს არგენტინელ წარმომადგენლებთან და გამომცემლებთან, რაც ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაზრდას ესპანურენოვან სამყაროში.
ესაა პირველი შემთხვევა, როცა ესპანურენოვანი ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ქართული ლიტერატურაა წარმოდგენილი. ბუენოს-აირესის წიგნის ბაზრობა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის ბაზრობაა ესპანურენოვან სამყაროში. ბაზრობა, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გრძელდება, მილიონზე მეტ მკითხველს და 12000-ზე მეტ საგამომცემლო სექტორის პროფესიონალს მასპინძლობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.