ნიკოლოზ სამხარაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტ პეტრა ბაიერთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის საქართველოს დელეგაციის დაბრუნებაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
„ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საუბრისას მან აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის წარადგინოს საკუთარი დელეგაცია ასამბლეაში, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დელეგაციის მანდატების აღიარება მოხდება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
მისი თქმით, საქართველო ვერ დაეთანხმება რომელიმე ორგანიზაციის მხრიდან უსამართლო პირობების წამოყენებას დელეგაციის უფლებამოსილების ცნობისთვის.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან საუბრისას აღვნიშნე, რომ თუ საქართველოს დელეგაციის მანდატები სრულფასოვნად და უპირობოდ იქნება აღიარებული, საქართველო მზად არის დაბრუნდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება, არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები და მიმდინარე საკანონმდებლო პროცესი.
შეხვედრაში მონაწილეობდა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.