ჩრდილოეთ საბერძნეთში, კავალას მუნიციპალიტეტში, ხელისუფლება COVID-19-ით გარდაცვლილი, დაახლოებით, 150 ადამიანის საფლავის ექსჰუმაციისთვის ემზადება. როგორც ირკვევა, ცხედრები დაკრძალვიდან ხუთი წლის შემდეგაც კი არ გახრწნილა.
ქვეყანაში, სასაფლაოებზე ადგილის დეფიციტის გამო, მიღებულია პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, მიცვალებულს, დაახლოებით, 3-5 წლის შემდეგ ამოასვენებენ, რათა ადგილი გათავისუფლდეს. როდესაც პანდემიის დროს გარდაცვლილთა ამოთხრის დრო მოვიდა, სპეციალისტებმა ნახეს, რომ სხეულები თითქმის პირვანდელი სახით იყო შენარჩუნებული.
ადგილობრივი ცნობების თანახმად, შეფერხება პანდემიის დროს გამოყენებულ ჯანმრთელობის უსაფრთხოების ზომებს მიეწერება. ვირუსის პოტენციური გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ცხედრები დამცავ პლასტიკურ პარკებში მოათავსეს, რამაც შემთხვევით შეანელა ბუნებრივი გახრწნის პროცესი.
მუნიციპალურმა საბჭომ დაამტკიცა ორეტაპიანი საფეხური, რომელიც მოიცავს როგორც ცხედრების ექსჰუმაციას, ასევე კუბოებიდან პლასტიკური საფარის მოხსნას. ამის შემდეგ, ნეშტი ხელახლა დაიკრძალება, სულ მცირე, კიდევ ერთი წლის განმავლობაში, რათა სხეულის ბუნებრივი დაშლის პროცესი დაიწყოს.
“გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ, Covid-19-ის შემთხვევების ექსჰუმაციის დროს აღმოჩნდა, რომ ცხედრები სრულად იყო შენახული. ეს იმიტომ ხდება, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ისინი ვირუსის გადაცემის თავიდან ასაცილებლად, პლასტიკურ პარკებში იყო მოთავსებული“,- ნათქამია საბჭოს განცხადებაში.
ადგილობრივი კომისიის ინფორმაციით, ექსჰუმაციის გეგმები უკვე განხილულია და სრულად იქნება წარმოდგენილი მერიის საბჭოს მიერ. გეგმის მიზანია, უზრუნველყოს, რომ საფლავები, საბოლოოდ, ნორმალურად დაიშალოს, პატივისცემისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტანდარტების დაცვით.
ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ პროცესი ყველა ჰიგიენური რეგულაციის შესაბამისად წარიმართება.
როგორც მედია აღნიშნავს, ჯერ კიდევ 2021 წელს თესალონიკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ სპეციალური შეფუთვები და ორმაგი კუბოები გახრწნას შეაფერხებდა, რის გამოც ზოგიერთ ქალაქში კოვიდით გარდაცვლილთათვის 10-წლიანი დამარხვის ვადა დააწესეს.
თესალონიკის მერის მოადგილემ, გიორგოს ავარლისმა, ჯერ კიდევ მაშინ აღნიშნა, რომ პანდემიის დროს გამოყენებული ჰერმეტული პოლიეთილენის პარკები და კუბოების მჭიდროდ შეფუთვა გვამების გახრწნას შეაფერხებდა.
როგორც მედია წერს, დღეს კავალაში მიღებული გადაწყვეტილება სწორედ ამ 5 წლის წინანდელი პროგნოზის რეალური შედეგია.