იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს ქუთაისში, ბაღდათსა და ვანში 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღო, მათ შორის: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მცირეკალიბრიანი შაშხანა, 100-მდე საბრძოლო ვაზნა, მჭიდი და ხელყუმბარა.

“ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები