ბელარუსის მოქალაქე დახმარებას ითხოვს – მას შვილებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის დატოვება სურს
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბელარუსის მოქალაქეს შვილებთან ერთად სამშობლოში დაბრუნება სურს და ამისთვის დახმარებას ითხოვს,- ქალის ვიდეოს ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქმართან და ორ შვილთან ერთად მცხოვრები ქალის თქმით, ის განქორწინების მიზნით, ბელარუსში წასვლას გეგმავს, რადგან ქმრის მხრიდან ფსიქო-ემოციურ ზეწოლასა და მუქარას განიცდის.
მისივე თქმით, მეუღლემ ბავშვებს დოკუმენტები და ტელეფონი ჩამოართვა, მას კი ბინაში შესვლა შეუზღუდა, სადაც პირადი ნივთები აქვს დატოვებული.
როგორც ვიდეოში განმარტავს, ადგილობრივ შესაბამის ორგანოებს უკვე მიმართა, თუმცა პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა.
ქალი ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოსა და საკონსულო სამსახურებს თხოვს, შვილებთან ერთად სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარონ.