ალეკო ელისაშვილი: ოპოზიცია უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდით
“სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, რატომ ვიწვევდით რიგგარეშე სხდომას და პრეზიდენტს რატომ ვთხოვდით სხდომის მოწვევას”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის საკითხზე ოპოზიცია უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
„სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, რატომ ვიწვევდით რიგგარეშე სხდომას და პრეზიდენტს რატომ ვთხოვდით სხდომის მოწვევას, როდესაც სამშაბათიდან ისედაც ჩვეულებრივი სესიები იქნება. ჩემთან რა დონის კომუნიკაციაც ჰქონდათ დანარჩენ ოპოზიციონერ კოლეგებს, მე და ქეთი თურაზაშვილმა თანხმობა განვაცხადეთ. შემდეგ იყო კომუნიკაცია, პრეზიდენტს გვინდა, მივმართოთო, არ ჩავძიებივართ, მაგრამ ვერ მივხვდი, რა საჭირო იყო პრეზიდენტისთვის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნა. არ მინდა, ხაბეიშვილსა და წითლიძესთან დაკავშირებით რაღაც დიდ შეთქმულებებში შევიდე. მე რაც წავიკითხე, სადაც არიან წასული, იმ ვიზიტს ერთ და ნახევარ დღეში ვერ დაგეგმავ. ამიტომ არ მინდა, მათ დავაბრალო. უბრალოდ, ასე არეულ-დარეულად მოხდა. გულახდილად რომ ვთქვა, ყველაფრის თავიდათავი არის „ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ ერთი-ორი მასზე აყოლილი საპარლამენტო პარტიის გაუთავებელი ბოიკოტობანა. საგამოძიებო კომისიის საკითხზეც ყველანი უხერხულში აღმოვჩნდით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, 46-მა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა, სადაც დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა, გუშინ საღამოს, 2 დეპუტატის ქვეყნიდან გამგზავრების მიზეზით, გადაიფიქრეს და პრეზიდენტს დღეს დილით მიმართეს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია დღეისთვის აღარ მოეწვია.