თეა წულუკიანი: მე ყველას ვთხოვდი, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი შვილი, მოეპყარით საქართველოს ისე, როგორც ამას იმსახურებს – ჩვენ დამოუკიდებელი და ძალიან ბევრ ჭირგამოვლილი ხალხი ვართ

“ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად მე ვედექი სათავეში მართლმსაჯულების რეფორმის პირველ ტალღას, მეორე ტალღას, მესამე ტალღას – ჩვენი მართლმსაჯულება ადგას განვითარების სწორ გზას”,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუკერძოებლობის, ასევე, დამოუკიდებლობის კუთხით ქვეყანას ძალიან დიდი წარმატებები აქვს.

“მე პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ და ყველაფერზე საჯაროდ საუბრის უფლება არ მაქვს. უბრალოდ, შევახსენებ ყველას, რომ ჩემს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად მე ვედექი სათავეში მართლმსაჯულების რეფორმის პირველ ტალღას, მეორე ტალღას, მესამე ტალღას და საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემოღებას, რამაც მეოთხე ტალღასთან ერთად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა განახორციელა წინა მოწვევისას, მოიტანა საქართველოსთვის დიდი ნახტომები მართლმსაჯულებაში. იმდენად, რომ დღეს ჩვენ ვართ ევროპული ქვეყნების საუკეთესო ჯგუფში, მოწინავე პოზიციებზე და არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ნატო-ს წევრ ქვეყნებშიც და ჩვენი მართლმსაჯულება ადგას განვითარების სწორ გზას. მიუკერძოებლობის, ასევე, დამოუკიდებლობის კუთხით ძალიან დიდი წარმატებები აქვს. ეს პროცესი გრძელდება და ქართველ ხალხს, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში, რადგან ეს დღე როდესაც დადგება, ჩვენ დავუტოვებთ არა იმას, რაც დაუტოვა ადეიშვილმა, რომელსაც ჩექმის ქვეშ ჰყავდა ხელისუფლების ეს შტო, სასამართლო, არამედ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს.

შესაბამისად, მე ყველას ვთხოვდი, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი შვილი, მოეპყარით საქართველოს ისე, როგორც ამას იმსახურებს. ჩვენ დამოუკიდებელი და ძალიან ბევრ ჭირგამოვლილი ხალხი ვართ. შესაბამისად, ჩვენ ვიდგებით ერთად, ყოველთვის ერთ მუშტად შეკრული, რათა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, მშვიდობა, დამოუკიდებლობა და სტაბილურობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები