ხატია დეკანოიძე – რიგგარეშე სხდომის გადადებაზე: სამწუხარო ფაქტია, რომელიც ოპოზიციას სასაცილო მდგომარეობაში აგდებს
დამოუკიდებელი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჯერ მოთხოვნა, შემდეგ კი გადადება ოპოზიციას “სასაცილო მდგომარეობაში აგდებს”.
“ორი დეპუტატის წასვლის შესახებ ოპოზიციამ გაიგო საღამოს. პრეზიდენტთან მიმართვა უკვე გაგზავნილი იყო.
ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომელიც ოპოზიციას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს. მე ვიტყოდი – სასაცილო მდგომარეობაში”, – წერს სოციალურ ქსელში დეკანოიძე.
შეგახსენებთ, 46-მა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა, სადაც დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა, გუშინ საღამოს, 2 დეპუტატის ქვეყნიდან გამგზავრების მიზეზით, გადაიფიქრეს და პრეზიდენტს დღეს დილით მიმართეს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია დღეისთვის აღარ მოეწვია.