ირაკლი ზარქუა: ეს საქართველოა, ჩვენ ვიცით სტუმარიც, მოყვარეც, პარტნიორიც, მაგრამ არავის მივცემთ საშუალებას, ზეგავლენა იქონიოს ჩვენს სასამართლო სისტემაზე

“ასე არ იქცევიან პარტნიორები და ჩვენ ვითხოვთ მეტ გამჭვირვალობას, მეტ არგუმენტაციას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რეიტინგებით ქართული მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებს უსწრებს.

„ქართველებმა თავისუფლების გემო ვიცით, ამისთვის ბევრი სისხლი დავღვარეთ. ამ სასამართლო სისტემამ ბევრი ქარტეხილი გამოიარა და დღეს გვაქვს ისეთი, როგორიც გვაქვს, სადაც მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, რეიტინგში კანონის უზენაესობით ქართული მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა უსწრებს ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებს. კანდიდატ წევრებთან არც მაქვს შედარების სურვილი იმიტომ, რომ ძალიან ბევრით ვუსწრებთ. ევროკავშირის მოქმედ წევრებს, სახელმწიფოების სასამართლო სისტემებს ვუსწრებთ და თქვენ ამ დროს გამოდიხართ და პირდაპირ კორუმპირებულის სტატუსს ადებთ და ისიც არ გინდათ, რომ არგუმენტები მოაყოლოთ. ეს საქართველოა, ჩვენ ვიცით სტუმარიც, მოყვარეც, პარტნიორიც, მაგრამ არავის მივცემთ საშუალებას, ზეგავლენა იქონიოს ჩვენს სასამართლო სისტემაზე იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ჩვენი ხვალინდელი განვითარებული და ღირსეული სახელმწიფოსი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები