ზაზა ლომინაძე: ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფცია ადეკვატური, სწორი და მართებულია
ჩვენი კომიტეტი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად არის ჩართული პროექტის განხორციელებაში. კონცეფცია ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით არის ადეკვატური, სწორი და მართებული, – აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ზაზა ლომინაძის განმარტებით, ჯანდაცვის კომიტეტი აღნიშნულ პროცესში აქტიურადაა ჩართული.
„სამედიცინო საზოგადოებასთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ის გარანტიები რაც პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანა, არის და იქნება შესრულებული. ყველაფერი მკაცრი კონტროლის ქვეშ გვეყოლება ჩვენი კომიტეტი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვართ ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. კონცეფცია იყო სწორი და ადეკვატური“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიმართა და მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიებაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კლინიკასთან დაკავშირებით, არსებულ გეგმებზე ინფორმაცია მიეღოთ.
განიხილეს კლინიკაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. იმსჯელეს, ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე. აღინიშნა, რომ მრავალი, ევროპული ქვეყნის პრაქტიკის შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფო, ცენტრალური, მულტიფუნქციური კლინიკის არსებობა ქალაქის ცენტრში.