CNN: პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვამ უკრაინის ზოგიერთი სამხედრო გეგმის შეცვლა გამოიწვია

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შედეგად, უკრაინამ სამხედრო ოპერაციების გეგმები შეცვალა.

CNN-ი იტყობინება, რომ ასეთი ინფორმაცია მისთვის ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებული წყაროსგან გახდა ცნობილი.

გაჟონილი მასალა ეხება შეერთებული შტატების მხილებას მოკავშირეების ჯაშუშობაში. საუბარია არა მხოლოდ მტრების მასშტაბურ მოსმენებზე, არამედ – საკვანძო პარტნიორების: უკრაინის, ისრაელის და სამხრეთ კორეის.

CNN 53 დოკუმენტს გაეცნო. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, პენტაგონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უსმენდა.

ზელენსკისთან დაახლოებულმა პირმა ტელეარხს უთხრა, რომ ამის არ გაკვირვებია და “მოსალოდნელი” უწოდა. ამასთან, აღნიშნულია, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები გაჟონვით იმედგაცრუებული არიან.

ამერიკელი ოფიციალური პირების შეშფოთებულნი არიან, რადგან შიშობენ, რომ მასალებმა მოკავშირეებთან შესაძლოა, მათი ურთიერთობა გააფუჭოს. გარდა ამისა, ინფორმაციის მოპოვების წყაროები ახლა საფრთხის ქვეშაა.

საიდუმლო დოკუმენტები ცხადყოფს უკრაინის შეიარაღებაში, საჰაერო თავდაცვაში, ბატალიონის ზომებსა და კონტრშეტევისთვის მათი მზადყოფნის მთავარ ხარვეზებს. ეს მოხდა იმ დროს, როდესაც ვაშინგტონმა და კიევმა დაზვერვის გაზიარებასთან დაკავშირებით ურთიერთნდობის განვითარება დაიწყეს.

სხვა დოკუმენტები აჩვენებს აშშ-ის შეღწევას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და “ვაგნერში”. ინფორმაცია ძირითადად კომუნიკაციებისა და ადამიანური წყაროების საშუალებით მოიპოვებოდა, რომლებიც ამჟამად, სავარაუდოდ, საფრთხის ქვეშ არიან.

შეერთებულმა შტატებმა ამ ინციდენტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა, რომ პენტაგონი მხარს უჭერს “უწყებათაშორის ძალისხმევას” “გაჟონვის” გავლენის შესაფასებლად.

უკრაინის კონტრშეტევის გეგმის შესახებ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები ინტერნეტპლატფორმებზე 7 აპრილს აღმოჩნდა. ისინი, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავდნენ ინფორმაციას მარტის ბოლოსთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების შესახებ.

უკრაინის დაზვერვაში განაცხადეს, რომ პანიკა საჭირო არ არის, რადგან გაჟონილი ინფორმაციის უმეტესობა, ღია წყაროებიდან არის მოპოვებული და რუსეთისთვის სასარგებლო დეზინფორმაციას შეიცავს.

ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტში განაცხადეს, რომ გაჟონვამ აჩვენა, თუ რამდენად ეშინიათ კონტრშეტევის რუსებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები