“ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრებულია, გამოვლენილია სამართალდარღვევის 2 ფაქტი” – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრებულია. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტარიელ ირემაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, სამართალდარღვევის 2 ფაქტია გამოვლენილი.
“ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრებულია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის პატრულირების და სწრაფი რეაგირების თანამშრომლები განსაკუთრებით იმ ტერიტორიებს აკონტროლებენ, რომლებშიც ბოლო წლებში ბზის უკანონო ტრანსპორტირება და რეალიზაცია აქტიურად მიმდინარეობდა. ეს ტერიტორიები, ძირითადად, იმერეთის, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებს მოიცავდა.
ჩვენი თანამშრომლების მხრიდან ამ ეტაპისთვის უკვე სამართალდარღვევის 2 ფაქტია გამოვლენილი. ჩვენმა თანამშრომლებმა ერთი კახეთის რეგიონში აღმოაჩინეს, მეორე კი სამეგრელოს რეგიონში. არსებულ ფაქტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კვალიფიკაცია მიეცა. პირები შესაბამისი საჯარიმო სანქციით დაჯარიმდნენ. ეს 2 ფაქტი გზაზე ტრანსპორტირების დროს დაფიქსირდა. კონკრეტული მოქალაქეები გააჩერეს, მათი საბუთები შეამოწმეს, ბზის უკანონო რეალიზაცია და ტრანსპორტირება დადასტურდა”, – განაცხადა ირემაძემ.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ,
კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება.
მათივე ცნობით, აღნიშნული სამართალდარღვევა 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.
“სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დაუკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზს – 153 (ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცული), რათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა თითოეულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ”, – განაცხადა ირემაძემ.