ვინმეს თუ ჰგონია, მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, სასამართლო კორპუსი ამაზე მძიმე რეალობის წინაშე მდგარა, მაგრამ სადაც „სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ამ ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა“.
„ვინმეს თუ ჰგონია, მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება. ვერც კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები ჩემი კოლეგების „ლინჩის“ წესით გასამართლება. არც მთლად სამართლიანად და თუნდაც დემოკრატიულად მიმაჩნია შვილების დასჯა მამათა „ქმედებების“ გამო. ამაზე მძიმე რეალობის წინაშე მდგარა სასამართლო კორპუსი, მაგრამ სადაც სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ამ ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა…“, – წერს თევზაძე Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.