ნიკოლოზ მურმანიშვილი შავფაროსნების ფერხულში

ხმლით, პატარა ხევსურული ფარით და ხანჯლით ნიკა მურმანიშვილი ქართული საბრძოლო ხელოვნების ტრადიციას იცავს.

მებრძოლი სული, შეუპოვრობა და ღირსების გრძნობა – ეს საქართველოს ისტორიის და ქართველი ერის ხასიათის ის შტრიხებია, რომლებმაც საბრძოლო ხელოვნების წევრ ნიკა მურმანიშვილს ხელში ქართული ტრადიციული იარაღი ააღებინა. პროფესიით სამხედრო ექიმი ქართული საბრძოლო ხელოვნების „შავფაროსნების“ გუნდის წევრი და ქართული საბრძოლო კულტურის გამგრძელებელია.

– ნიკა, როგორ მოხდა რომ სამხედრო ექიმის პროფესიის პარალელურად დღეს შავფაროსნების გუნდის წევრიც ხარ?10615886_890897324271895_1164954385_n

-დავიბადე და გავიზარდე თბილისში,  ვსწავლობდი გრ.ხანძთელის სახ. თბილისის #1 ექსპერიმენტულ საშუალო სკოლაში,  თავიდანვე მიტაცებდა ხელოვნების სხვადასხვა სფერო, კარგად ვხატავდი, სიმღერაც ბავშვობიდან მიყვარს.  სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე ჩამებარებინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამხედრო-ექიმის სპეციალობით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი გორის სამხედრო ჰოსპიტალში რადიოლოგიის დეპარტამენტში. ამჟამად ვმუშაობ ტოშიბას სამედიცინო სისტემებში, რადიოლოგიური აპარატურის განხრით. ასევე 14 წელია ვარ ქათული საბრძოლო ხელოვნების აქტიური წევრი.

-ბავშვობაში თუ იწვევდა განსაკუთრებულ ინტერესს ეს სფერო შენში?

-რათქმაუნდა იწვევდა, ჩემს ბავშვობაში ძალიან  პოპულარული იყო აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნება რომელსაც მრავალი კონოფილმი პროპაგანდას უწევდა, ეს დიდ ინტერესს იწვევდა მოზარდებში და მათ შორის ჩემშიც.  ასევე, მრავალი ქართული ფილმის მოტივიც ქართველი ერის დაუსრულებელ ბრძოლაზე და თავგანწირვაზეა აგებული, მრავალი ისტორიული წიგნი, რომელიც მოგითხრობს საერო თუ სასულიერო პირის სიქველეზე და სამშობლოს სიყვარულზე  აყალიბებს ცნობიერებას რომელიც შენც გიბიძგებს მიემსგავსო მათ,  ეს თავისთავად უკვე ქართული საბრძოლო ხელოვნების დასაწყისია რომელიც მიმართულია შენი კულტურის გაცნობიერებისკენ თუ რას უნდა ემსახურო და გააძლიერო.  რაც შეეხება სპორტს,  ბავშვობიდან აქტიურად ვიყავი დაკავებული სპორტის სხვადასხვა სახეობით: კარატე, წყალბურთი, რაგბი. თითოეულმა მათგანმა თავისი კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაში და თავისი წილი გამოცდილება შემძინა, და ბოლოს – ქართული საბრძოლო ხელოვნება სადაც საბოლოოდ დავიდე ბინა.

როდის დაინტერესდი საბრძოლო ხელოვნებით პროფესიულად?

-20 წლის ვიყავი როდესაც პირველად მოვედი ქართულ საბრძოლო ხელოვნების შემსწავლელ ჯგუფში, მაშინ სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, გაგონილი მქონდა რომ არსებობდა ამ საქმით დაკავებულ ადამიანთა წრე.  ვინც დამხვდა და ვინც შემდგომ მოვიდა ასაკით ძირითადად თითქმის ყველა მეტნაკლებად თანატოლები ვიყავით, ამიტომ ადვილად შეიკრა თანამოაზრეთა გუნდი ვინც მხოლოდ ენთუზიაზმით და საქმის სიყვარულით ემსახურებოდა ამ სფეროს. ახლა ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია “შავფაროსნებს” გვერდში ლუდი “მთელი” დაუდგა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის შემდგომი ზრდა-განვითარებისთვის.

რა მისიას ემსახურება თქვენი საქმიანობა?

-ჩვენი საქმიანობა ქართული საბრძოლო ტრადიციების აღდგენას, განვითარებას და მათ მოზარდ თაობაში პოპულარიზაციას ემსახურება. ჩვენი საქმიანობა არც მხოლოდ სპორტია და არც მხოლოდ ხელოვნება, ეს პირველ რიგში ცნობიერებაა რომელიც მიმართულია ჯერ პიროვნებაში და შემდგომ მის გარშემო ყველა სფეროში, ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი ჯანსაღი შეხედულებების, ქცევების და ტრადიციების განმტკიცებისკენ.  ეს ის მცირე ჩამონათვალია რაც ჩვენს კულტურაში დევს და ქართველი კაცისთვის დამახასიათებელია:  სტუმართმოყვარეობა, მეგობრობა, ერთგულება, პატიოსნება, შეუპოვრობა, ერთმანეთის გამტანობა, ცოდნის სიყვარული, მტრისა და მოყვარის გარჩევის უნარი, სიკეთის მსახურება რაც საბრძოლო სულის გარეშე წარმოუდგენელია და რაც საბოლოო ჯამში საერთო მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება.

რომელია ყველაზე საინტერესო მომენტი საქართველოს ისტორიიდან?10488923_890897300938564_1421231293_n

-მრავალი მომენტი მახსენდება, იგივე შალვა თორელ ახალციხელზე, რომელიც განთქმული მეომარი და სარდალი იყო მთელს აზიაში,  გარნისის ბრძოლის ღალატით დასრულების შემდეგ  დიდი დაფასება და პატივი მიიღო ხვარაზმ შახისგან მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც საკუთარი ქვეყნის ერთგული დარჩა და მოწამეობრივად აღესრულა.  დავითი და კონსტანტინე მხეიძეები რომლებმაც მრავალდღიანი წინააღმდეგობა გაუწიეს მურვან-ყრუს აურაცხელ არმიას და ბოლომდე იბრძოდნენ, სანამ არ შეიპყრეს,  მრავალდღიანი გვემის და წამების მიუხედავად მაინც არ გადათქვეს თავის რჯული და მოწამეობრივად აღესრულენ,  შალვა, ელიზბარ ქსნის ერისთავები, ბიძინა ჩოლოყაშვილი რომლებმაც გათათრებას გადაარჩინეს მთელი კახეთი და მოწამეობრივად აღესრულენ, მტერმა სახსრებში გადახსნა მათი სხეულები, 100.000 მოწამე რომელთა სისხლმა შეღება მთელი მტკვარი და სხვა მრავალი მომენტი რომლებსაც ყველას ერთი რამ აერთიანებს მებრძოლი სული, შეუპოვრობა და ღირსების გრძნობა.

ბრძოლა ხელოვნების პლარფორმაზე  ალბათ საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე ავიდა. თქვენი საქმიანობაც-უფრო საბრძოლო ტექნიკაა თუ უფრო ხელოვნება?

-თავად ტერმინი ქართული საბრძოლო ხელოვნება დღევანდელობამ მოიტანა და დანერგა რადგან ასეთი ტერმინი არც ერთ ცნობილ ისტორიულ წყაროში არ მოიპოვება, ბრძოლა და ბრძოლის ხერხები როგორც ჩვენი კულტურის სხვა სფეროები, მაგალითად  ცეკვა, სიმღერა, ქართველი კაცის ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილი იყო, მაგრამ არა საყოველთაო, რადგან როგორც ყველა მომღერალი და მოცეკვავე ვერ გახდება ასევე ყველა მებრძოლი ვერ იქნება. რათქმაუნდა იყვნენ მეომრები და მეომართა წრე რომელთაც ბრძოლა ხელოვნების დონეზე ჰქონდათ აყვანილი და ეს მათი საქმიანობა და პირდაპირი დანიშნულება იყო, იგივე აზნაურთა წრე რომელიც ძირითადი საბრძოლო ლაშქარი იყო და არა ქუდზე კაცი რომელიც მხოლოდ გაჭირვებისდაგამო შეიძლება გამოსულიყო საბრძოლველად. რაც შეეხება ჩვენს საქმიანობას როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს პირველ რიგში ცნობიერებაა რომელიც ქართული საბრძოლო კულტურის განვრცობას ემსახურება და რომლის საბოლოო პროდუქტი მებრძოლია, რომელმაც იცის როგორც ბრძოლის ხერხები ასევე ის თუ ვის და რას მოახმაროს იგი.

ბოლო წლებში სხვა ქვეყნებთან ბრძოლის ილეთების შედარების შესაძლებლობა მოგეცათ. რით არის უნიკალური ქართული საბრძოლო ხელოვნება?

-ზოგადად საბრძოლო ხელოვნების ძირითად განმასხვავებელ ფაქტორებს განაპირობებს, პირველ რიგში ხასიათი, გარემო, ადგილმდებარეობა, დრო და ისტორია. ქართული საბრძოლო ხელოვნებაც, თუნდაც აღჭურვილობის კუთხით თუ განვიხილავთ მისმა რელიეფმა მეტწილად განაპირობა თუ როგორი სახით ჩამოყალიბდა სხვადასხვა საბრძოლო იარაღი, მაგალითად  ხევსურული პატარა ფარი რომელიც განკუთვნილია მსუბუქად შეიარაღებული მეომრისთვის , მობილური მსუბუქი ჯავშანი, რათა ადვილი ყოფილიყო სატარებლად . ეს ყველაფერი განაპირობებდა ბრძოლის ტექნიკასაც, რათა ადეკვატურად მომხდარიყო კონკრეტული საბრძოლო იარაღის ეფექტურად გამოყენება. სწორედ ეს გამოარჩევს ქართულ საბრძოლო ხელოვნებას სხვა ქვეყნის საბრძოლო ხელოვნებებისგან, მაგრამ ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ყველა საბრძოლო ხელოვნების არის საკუთარი კულტურის მსახურება, მისი არეალის განვრცობა და გაძლიერება.

ყველაზე საინტერესო შეფასება თუ გახსოვს თქვენი წარმოდგენის მიმართ?10643297_890897310938563_1430923558_n

-საქართველოში რომელი კუთხეც არ უნდა იყოს, იქ დამსწრე მაყურებლისთვის ჩვენი გამოსვლა ყოველთვის მშობლიური და გულთან ახლოა, რასაც ჩემი აზრით ჩვენი საერთო ისტორიული წარსული განაპირობებს. საზღვარგარეთ ზოგან სიფრთხილით გვიყურებენ ზოგან აღტაცებით.  ახლახანს ბათუმში მოგვიწია გამოსვლა და ერთ-ერთ ვიდეოში უცნობი გოგონა ასე გამოხატავს ჩვენი გამოსვლიდან მიღებულ შთაბეჭდილებას „აი ეს არის… შენ გენაცვალე ქართველო“.

რაც შეეხება იარაღებს..

-იარაღი მრავალნაირია მისი ფუნქციიდან გამომდინარე და მისი მოხმარების წესიც სხვადასხვანაირი. არის სხვადასხვა დაისტანციაზე სახმარი იარაღი, გრძელ, საშუალო და მოკლე დისტანციაზე. დამწყებმა ჯოხის მოხმარების შესწავლა უნდა დაიწყოს რადგან იგი აერთიანებს ყველა იმ შესაძლო ტრაექტორიას რაც შემდგომ  სხვადასხვა ცივ იარაღში გამოიყენება, ხოლო შემდეგ უნდა გადავიდეს სხვა იარაღებზე. ზოგადად მებრძოლი დამოკიდებული არ უნდა იყოს იარაღის სახეობაზე რადგან ნებისმიერი ნივთი მის ხელში უკვე იარაღია. ჩემს აღჭურვილობაში ორ ხმალს და პატარა ხევსურულ ფარს ვხმარობ , ასევე ხანჯალს, ამას განაპირობებს ის სახეობები რომელსაც კონკრეტულად  წარმოვადგენ ჩვენს გამოსვლებში.

წარმოდგენისას ან რეპეტიციების დროს დიდია ტრამვის მიღების ალბათობა..

-ტრამვის ალბათბა ყოველთვის არის, მაგრამ რაც უფრო ხვეწავ და მუშაობ საკუთარ თავზე და მეწყვილესთან, ალბათობაც იკლებს. ასევე არსებობს დამცავი აღჭურვილობაც რომლიც იცავს სხეულს და ამცირებს დაზიანების რისკს. ჩვენს შემთხვევაში ტრამვის ძირითადი ადგილი კიდურებია და დაცვაც ამ კუთხით არის მიმართული.

– პირადად შენთვის, რომელი საბრძოლო ილეთია ყველაზე შთამბეჭდავი ქართული საბრძოლო ხელოვნებიდან?

-ილეთები მრავალნაირია, არის ჭიდაობის მრავალი ილეთი, ფარიკაობაში გასვლის მრავალი ხერხი, მაგრამ საბოლოო ჯამში ილეთი როგორც ასეთი მხოლოდ სწავლების პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ჰყოფს ბრძოლას შესაძლო მარტივ მონაკვეთებად და არა ბრძოლის ძირითადი წარმმართველი, რადგან ბრძოლაში ყველაფერი მექანიკურად ხდება და იმის გააზრების დროც არ რჩება ეს ილეთი უნდა გავაკეთო თუ ის. ესტეთიურობის კუთხით თუ ვიმსჯელებთ მე პირადად ორი ხმლით ჰაერში ნახტომი მომწონს „ირმული“, რომელსაც  ჩემი მეგობარი გიორგი ლაცაბიძე ასრულებს კარგად.

ნანუკა ალავიძე

10637597_890897317605229_1750561830_n

10643339_890897314271896_462294702_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები