ირაკლი კობახიძე: დეპუტატს ვერავინ ვერსად ვერ გადასვამს, თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს, გადაჯდეს და დადგეს კუთხეში
როდესაც ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი სხვა კოლეგებს უწოდებს “მოღალატეს”, მის მიმართ რომ ვერ ექნებათ ხავერდოვანი დამოკიდებულება, ეს გასაგებია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართ მომხდარ ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.
“როდესაც ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი სხვა კოლეგებს უწოდებს “მოღალატეს”, მის მიმართ რომ ვერ ექნებათ ხავერდოვანი დამოკიდებულება, ეს გასაგებია. დეპუტატს ვერავინ ვერსად ვერ გადასვამს, თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს – გადაჯდეს და დადგეს კუთხეში, ეს არის მისი გადაწყვეტილება. მას ეკუთვნის პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა, თუ აქვს ელემენტარული სინდისი”, – თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტის სასესიო დარბაზში “ხალხის ძალისა” და ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჯერ ვიქტორ ჯაფარიძემ ჩაარტყა, შემდეგ კი ლევან მგალობლიშვილმა ესროლა.