ირაკლი კობახიძე: შეგიძლიათ, შეხედოთ საპარლამენტო დარბაზს, ოპოზიციის მხარე თითქმის ცარიელია – მათ საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის განვითარება
„შეგიძლიათ, შეხედოთ საპარლამენტო დარბაზს, ოპოზიციის მხარე არის თითქმის ცარიელი. კითხვები ისმება ხოლმე სწორედ უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან. მით უმეტეს, საინტერესოა ფინანსთა მინისტრის მოსმენა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება ბიუჯეტს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია არ ინტერესდება ფინანსთა მინისტრის მოხსენებით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ ქვეყნის განვითარება საერთოდ არ აინტერესებთ.
“აქ ერთი რამ არის საინტერესო – ჩვენ, როგორც მმართველ გუნდს, ისედაც მეტი შესაძლებლობა გვაქვს გვქონდეს კომუნიკაცია ფინანსთა მინისტრთან, რისი საშუალებაც ნაკლებად აქვს საპარლამენტო ოპოზიციას. როდესაც ისინი არ ინტერესდებიან ფინანსთა მინისტრის მოხსენებით, არ სვამენ კითხვებს, ბუნებრივია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის განვითარება. აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი“, – აცხადებს კობახიძე.