გიორგი ვოლსკი – შაჰინის განცხადებაზე: მარტო ინფორმაციას და აღქმებს არ უნდა მივყვეთ, ფაქტები უნდა შევაფასოთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა.
ვოლსკის თქმით, საქართველო საგარეო კურსთან მიმართებით მყარად დგას.
“არ შეიძლება, რომ კონკრეტული განცხადება კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებული მიღებულ იქნეს იმ საბოლოო დასკვნად და ვერდიქტად, რომელიც საქართველოს შეიძლება, გამოუტანონ. აქ მარტო ინფორმაციას და აღქმებს არ უნდა მივყვეთ, ფაქტები უნდა შევაფასოთ და ფაქტები სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო დგას მყარად საგარეო კურსთან მიმართებით, არ შეუცვლია არაფერი, არც პოლიტიკა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ რევოლუციური სცენარი არის დღის წესრიგში, რომელმაც, საბოლოოდ, უნდა მოიტანოს საქართველოში არეულობა, გადატრიალება და შემდეგ მეორე ფრონტის გახსნა”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა: “ვფიქრობ, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, მე იმედგაცრუებული ვარ მთავრობის გარკვეული უკუსვლით, მაგრამ ხალხი აშკარად ერთგულია ევროპისკენ, ნატოსკენ სვლის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია უკეთ დავეხმაროთ მათ”.