საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინაში ექიმთა ჯგუფს გზავნის
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო, მზადყოფნა გამოთქვა, ჰუმანიტარული მისიით უკრაინაში გაგზავნოს ექიმთა ჯგუფი – ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება უკრაინიდან პაციენტების ჩამოყვანა და საქართველოში მათი მკურნალობა-რეაბილიტირება.
“საქართველოსა და უკრანის ჯანდაცვის მინისტრების შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე, მომდევნო კვირის დასაწყისში, საქართველოდან უკრაინაში ჩავა ექიმთა ჯგუფი, რომელიც ადგილზე, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად დაადგენს საჭიროებებს. ამის შემდეგ დაზუსტდება, რა სახის დახმარებას გაუწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინას”, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საქართველოს მთავრობის სახელით, მსგავსი დახმარება უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ოლეგ მუსიის და უკრაინაში საქართველოს ელჩს მიხეილ უკლებას თებერვალშიც შესთავაზა. “ამ ხნის განმავლობაში, დავით სერგეენკოს ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინულ მხარესთან და შექმნილ სიტუაციაზე მუდმივად იყო ინფორმირებული”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.