ირაკლი ქადაგიშვილი – “ხალხის ძალის” კანონპროექტზე: მიზანი ერთადერთია – იყოს იმ ორგანიზაციების გამჭვირვალობა, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ
მიზანი ერთადერთია – იყოს იმ ორგანიზაციების გამჭვირვალობა, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ და არასამთავრობო სექტორს წარმოადგენენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე მომზადებულ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გარკვეული ასოციაციები სიტყვა “აგენტმა“ გამოიწვია და ამ მიმართულებით წუხილები და შენიშვნები გაზიარებული იქნება.
„გამჭვირვალობის კანონს დავარქმევდი. მგონია, რომ ეს არის კანონპროექტის შინაარსი, არსი, მიზანი და დანიშნულება. ჩვენ ისეთ კაზუსებთან გვაქვს საქმე, როცა სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონი მაინც რუსული კანონია. ქართულ კანონპროექტს არანაირი საერთო და კავშირი არც ერთ სხვა კანონთან არა აქვს, მხოლოდ ირიბი კავშირი აქვს ამერიკულ კანონპროექტთან და მისი დასახელება, სადაც სიტყვა “აგენტი“ ფიგურირებს, ამერიკული კანონპროექტიდან არის გადმოტანილი.
საუბარი მხოლოდ გამჭვირვალობაზეა. “აგენტის შესახებ“ კანონი დაარქვეს… რადგან ამ სიტყვამ გარკვეული ასოციაციები გამოიწვია, საკომიტეტო მოსმენისას დასკვნაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ მეორე მოსმენის დროს დაფინანსების მიმღები ორგანიზაციის მიმართ ისეთი დეფინიცია უნდა გაკეთდეს, რომლითაც დისკრედიტაციის მატარებელი ტერმინი გამოყენებული არ იქნებოდა, რადგან დანარჩენ მსოფლიოში სიტყვა “აგენტი” არ იწვევს იმ ასოციაციას, რაც საქართველოში წარსული ისტორიიდან გამომდინარე ამ სიტყვაზე ჩამოყალიბდა. ამიტომ, ეს შენიშვნა და წუხილი გაზიარებულია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.