ირაკლი ბერაია: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ძალიან მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ძალიან მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, – ასე აფასებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ძალიან მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში, ის, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებით, კარგად არის აღჭურვილი და მომზადებული უწყება, რომელსაც შესწევს უნარი გამოავლინოს, აღკვეთოს და ეფექტური საქმიანობა აწარმოოს ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ. აქ საუბარია ასევე იმ ღონისძიებებზე, რაც გადაიდგა აღნიშნულ სფეროში, მათ შორის, სასაზღვრო უსაფრთხოების კუთხით რადიაციული, ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ საქმიანობაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო წარმატებით ებრძვის ტერორიზმს. ასევე, მითითებული არის ძალიან მკაფიოდ, რომ პირები, ვინც იყვნენ კავშირში ტერორისტულ ჯგუფებთან ან ჰქონდათ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, იყვნენ მიცემული პასუხისგებაში და საქართველოს აქვს ეფექტური საკანონმდებლო სისტემა, რომ აღნიშნულ საკითხებზე მოახდინოს მყისიერი რეაგირება.

ასევე, ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო, რატომ მოხვდა 5-6 ივლისის მოვლენები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რადგან ამას არანაირი კავშირი არ აქვს ტერორიზმთან ბრძოლასთან. ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული ნაწილი ეყრდნობა არაობიექტურ წყაროებს. იქ საუბარი არის თითქოს სახელმწიფომ არ განახორციელა ეფექტური მოქმედებები ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად და ვფიქრობ, რომ ეს არის მცდარი ინფორმაცია. ჩვენმა ხელისუფლებამ, სამართალდამცავმა სისტემამ გააკეთა ყველაფერი, რათა მომხდარიყო მყისიერად 5-6 ივლისის მოვლენების დროს ვითარების დეესკალაცია, ყოფილიყვნენ პასუხისგებაში ის პირები, ვის წინააღმდეგაც არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები. უნდა ითქვას მკაფიოდ, სახელმწიფო, რომელიც წარმატებით ებრძვის ტერორიზმს, რადიკალურ ექსტრემიზმს, ბუნებრივია, არასდროს არ დააფარებს ხელს, არ წაახალისებს ძალადობას“, – განაცხადა ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები