კულტურის სამინისტრომ, ქართულიდან აფხაზურ და ოსურ ენებზე, აფხაზურიდან და ოსურიდან კი ქართულ ენაზე თანამედროვე ნაწარმოებების თარგმნისა და გამოცემის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“. კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„კონკურსი პირველად 2022 წელს გამოცხადდა და მისთვის გამოიყო 50 000 ლარი. სამინისტროს ხუთმა განმცხადებელმა მიმართა. დაფინანსდა სამი პროექტი. კერძოდ, „ქართველი და აფხაზი მწერლების ერთობლივი წიგნი”, პროექტის განმახორციელებელი – ა(ა)იპ ახალგაზრდა ხელოვანთა ცენტრი. გურამ ოდიშარიას რომანს „პრეზიდენტის კატა“ აფხაზურ ენაზე თარგმნის დაურ ნაჭყებია; დაურ ნაჭყებიას რომანს „ღამის ნაპირი“, აფხაზურიდან თარგმნის გურამ ოდიშარია. ორივე თარგმანი ერთ წიგნად გამოიცემა. მეორე, თანამედროვე ოსი მწერლის, მერი ცხოვრებოვას მოთხრობების ქართულ ენაზე გამოცემა“, პროექტის განმახორციელებელი – ა(ა)იპ საერთაშორისო საზოგადოება კავკასიური მოზაიკა; მთარგმნელები – ნაირა ბეპიევი და ნინო პოპიაშვილი. მესამე, დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, აფხაზურ ენაზე თარგმნის რიმა კინწურაშვილი, პროექტის განმახორციელებელი – ა(ა)იპ საზოგადოება აფხაზური სახლი.
2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი გაიზარდა და 60 000 ლარი გახდა.
კონკურსის მიზანია თანამედროვე ლიტერატურული ნიმუშების თარგმნით ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობის აღდგენა და გაღრმავება.
კონკურსი ითვალისწინებს:
ა) თანამედროვე ქართული ლიტერატურის ნიმუშების აფხაზურ და ოსურ ენებზე თარგმნასა და წიგნად გამოცემას;
ბ) თანამედროვე აფხაზური და ოსური ლიტერატურის ნიმუშების ქართულ ენაზე თარგმნასა და წიგნად გამოცემას.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ფიზიკურ და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ ამ სფეროში მუშაობის, სულ მცირე, ორწლიანი გამოცდილება. ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა.
უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს:
ა) შესაბამისი მიმართულებით პროექტის/ების განხორციელების გამოცდილებას;
ბ) იმ პროექტს/ებს, რომლებიც ითვალისწინებს სალიტერატურო სფეროში მოღვაწე როგორც ქართველ, ასევე აფხაზ და ოს ავტორთა საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით წიგნის გამოცემას მათი შემოქმედების წარმოჩენა-პოპულარიზაციის მიზნით.
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2023 წლის 22 თებერვლიდან 2023 წლის ორი მარტის 12:00 საათამდე ნაბეჭდი სახით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4), ან ელექტრონული დოკუმენტის სახით სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge.
კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს ცხელი ხაზით, ტელ.: NN 032 2 022229, 599 877 816 სამუშაო საათების განმავლობაში.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტის შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 17 მარტისა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/O3712hY

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები