რუსთაველის ეროვნულ თეატრში ნანა ფაჩუაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ნანა ფაჩუაშვილის საიუბილეო საღამოს დაესწრო, რომელიც რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა.
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მოიცავდა ნანა ფაჩუაშვილის შემოქმედების ამსახველ ფოტოგამოფენას; ასევე, მსახიობმა ითამაშა ნაწყვეტი რამდენიმე სპექტაკლიდან.
საღამოზე აჩვენეს არტისტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფილმი – „მე და ჩემი 88 ანარეკლი“, რომელიც მის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო. დოკუმენტურ ფილმში ნანა ფაჩუაშვილი ჰყვება თავისი ცხოვრების შესახებ, ფილმის რეჟისორია ნინო დადვანი, სცენარის ავტორი ირმა ჩუბინიძე.
„აღსანიშნავია, რომ წელს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ“ ნანა ფაჩუაშვილს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია გადასცა. ასევე მას მიღებული აქვს სახალხო და საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება, თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ჯილდო, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია, არის ღირსების ორდენის კავალერი.
ნანა ფაჩუაშვილმა რუსთაველის თეატრში 1965 წელს, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაიწყო საქმიანობა და მალევე ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი გახდა.
შემოქმედებითი კარიერის მანძილზე მან 100-მდე როლი შექმნა. მისი პერსონაჟთა გალერეა მოიცავს ახალგაზრდა, თამამ, მეოცნებე გოგონებსა და შინაგანი წინააღმდეგობებით აღსავსე, მკაფიო ინდივიდუალობის მქონე ქალთა სახეებს. ნანა ფაჩუაშვილმა სცენური გმირები შექმნა სხვადასხვა თაობის, განსხვავებული მხატვრული ხელწერის მქონე რეჟისორების: დიმიტრი ალექსიძის, მიხეილ თუმანიშვილის, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძის, გიზო ჟორდანიას, გია ანთაძის, რეზო მირცხულავას, გიორგი თავაძის, დავით ანდღულაძის, ავთანდილ ვარსიმაშვილის, გოჩა კაპანაძის თუ სხვათა სპექტაკლებში.
მისი მრავალრიცხოვანი როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ლედი ანა (რობერტ სტურუას ეპოქალური დადგმა – შექსპირის „რიჩარდ მესამე“) და მარგო (თემურ ჩხეიძის სახელგანთქმული სატელევიზიო სპექტაკლი „ჯაყოს ხიზნები“).
ნანა ფაჩუაშვილმა სცენური სახეები შექმნა თეატრალურ სარდაფში, „თეატრში ათონელზე“, ახმეტელის, ზუგდიდისა და ცხინვალის თეატრთა სცენებზე. „თეატრი ათონელზე“ კი ნანა ფაჩუაშვილის შემოქმედებითი ცხოვრების განუყოფელი და ორგანული ნაწილია. იგი ამ კამერული, მაყურებლისთვის საყვარელი სათეატრო სივრცის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელია“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.