ადვოკატი: ბადრი ესებუა აპირებს სამართლებრივად იდავოს და დაამტკიცოს უდანაშაულობა
“დღეს ველოდებით, რომ სასამართლო პროცესს ბადრი ესებუაც დაესწრება”,- ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და უდანაშაულობის დასამტკიცებლად სამართლებრივ დავას აპირებს.
“ბადრი ესებუამ განაცხადა, რომ მას საკუთარ პროცესებზე დასწრება სურდა, შესაბამისად, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სასამართლოს მხრიდან გაგზავნილია მოთხოვნა მისი ეტაპირებაზე, ანუ სასამართლოში წარმოდგენაზე.
ამიტომაც დღეს ველოდებით, რომ ბადრი ესებუაც დაესწრება. პროცესი გაგრძელდება ბრალდების მხარიდან მტკიცებულების გამოკვლევით, კერძოდ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბრალდების მხარე აპირებს ბანკის თანამშრომლების მოყვანას და გამოიკითხებიან ისინი. ბადრი ესებუა თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის აპირებს სამართლებრივად იდავოს და დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა”, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული მძარცველი 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.