სუს-ი: თბილისის საბავშვო ბაღებსა და ბათუმის უფასო სასადილოებს, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სხვადასხვა დროს, განსხვავებული მარკისა და სასაქონლო ნიშნის სააღდგომო სურსათი და დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები მიაწოდეს, რის შედეგადაც სახელმწიფოს, ჯამში, 669 497 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა
თბილისის საბავშვო ბაღებსა და ბათუმის უფასო სასადილოებს, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სხვადასხვა დროს, განსხვავებული მარკისა და სასაქონლო ნიშნის სააღდგომო სურსათი და დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები მიაწოდეს, რის შედეგადაც სახელმწიფოს, ჯამში, 669 497 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა”,- ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია, ჯამში, 28 პირი.
სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ხუთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, ხოლო 11 პირს წარედგინა ბრალდება.
კერძოდ, საქმე ეხება წალკის, ახალციხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა კერძო კომპანიის მიერ გზის მონაკვეთის, სასმელი წყლის შიდა ქსელისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს, დოკუმენტაციების გაყალბებისა და უკანონო ქმედებების შედეგად, თაღლითურად მითვისებულ ათიათასობით ლარს. ამასთან, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებით ასევე დგინდება, რომ პასუხისგებაში მიცემული პირებიდან რამდენიმემ თბილისის საბავშვო ბაღებისა და ბათუმის უფასო სასადილოების მომსახურებისთვის გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სხვადასხვა დროს, მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობის განსხვავებული მარკისა და სასაქონლო ნიშნის მქონე სააღდგომო სურსათი და დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები. აღნიშნული უკანონო ქმედებების შედეგად, სახელმწიფოს, ჯამში, 669 497 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა”,- განაცხადეს უწყებაში.