“კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყველა სახის კორუფციული რისკების შეფასებასა და აღმოფხვრას; მიმდინარეობს ყოველდღიური მუშაობა, რათა კორუფციის დონე მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი” – ემზარ გაგნიძე

“ანტიკორუფციული სააგენტო აგრძელებს მუშაობას ნებისმიერი კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით”, – ამის შესახებ ანტიკორუფციული სააგენტოს დეპარტამენტის დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც გაგნიძემ განმარტა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყველა სახის კორუფციული რისკების შეფასებასა და აღმოფხვრას.

“ამ მიმართულებით მიმდინარეობს ყოველდღიური მუშაობა, რათა კორუფციის დონე მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი”, – აღნიშნა ემზარ გაგნიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის სამ საქმეზე დაკავებულია 3 პირი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა დროს, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ე.წ დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად გადაცემისა და შემდგომი მფარველობის, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან გამოტანის დაპირების სანაცვლოდ, ქრთამი აიღეს.

სამ სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე კი დაკავებულია 4 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, სხვადასხვა დროს, ყალბი მართვის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ერთ-ერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყალბი ბაკალავრის დიპლომის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს.

ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 196-ე მუხლის I ნაწილით და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 221-ე მუხლის IV ნაწილით, 332-ე მუხლის I ნაწილით, 338-ე მუხლის I ნაწილით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით”, – აღნიშნავენ სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები