“სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ხუთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, ხოლო 11 პირს წარედგინა ბრალდება” – სუსი

“სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ხუთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, ხოლო 11 პირს წარედგინა ბრალდება”, – ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

კერძოდ, როგორც ანტიკორუფციული სააგენტოს დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ გაგნიძემ განმარტა, საქმე ეხება წალკის, ახალციხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა კერძო კომპანიის მიერ გზის მონაკვეთის, სასმელი წყლის შიდა ქსელისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს, დოკუმენტაციების გაყალბებისა და უკანონო ქმედებების შედეგად, თაღლითურად მითვისებულ ათიათასობით ლარს.

“ამასთან, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებით ასევე დგინდება, რომ პასუხისგებაში მიცემული პირებიდან რამდენიმემ თბილისის საბავშვო ბაღებისა და ბათუმის უფასო სასადილოების მომსახურებისთვის გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სხვადასხვა დროს, მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობის განსხვავებული მარკისა და სასაქონლო ნიშნის მქონე სააღდგომო სურსათი და დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები. აღნიშნული უკანონო ქმედებების შედეგად, სახელმწიფოს, ჯამში, 669 497 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა.

სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, სამ სისხლის სამართლის საქმეზე, 7 პირს ბრალდება წარედგინა.

საქმე ეხება სხვადასხვა დროს, დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი, ჯამში, 91 564 კვ.მ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს, ჯამში, 397 804 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა”, – აღნიშნავენ სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები