საბა ასლამაზიშვილი „სიღნაღის თეატრალური ფესტივალის“ სამხატვრო ხელმძღვანელად წარადგინეს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობითა და სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის, ინიციატივით დაფუძნებული „სიღნაღის თეატრალური ფესტივალის“ სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე სამინისტრომ 27 წლის ახალგაზრდა რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი მოიწვია. ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„საბა ასლამაზიშვილი 2013-2017 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე (თეატრალური ხელოვნების პროგრამა; დრამის რეჟისურა); 2018-2021 წლებში კი – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დადგა სპექტაკლები: „მსახიობები, რომლებსაც ვერ ხედავენ“, ნაწყვეტი პიესიდან „ოიდიპოს მეფე“, „მეტამორფოზები“ ოვიდიუს ნაზონის მიხედვით, სამუელ ბეკეტის „პირველი სიყვარული“ და ჰენრიკ იბსენის „ხალხის მტერი“.
საბა ასლამაზიშვილი არის დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ხვლიკის“ დამფუძნებელი.
2018 წლიდან დღემდე თბილისისა და რეგიონების კერძო და სახელმწიფო თეატრებში საბა ასლამაზიშვილის რეჟისორობით დაიდგა არაერთი სპექტაკლი, კერძოდ: შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (ილიაუნის თეატრი), ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებები“ (თავისუფალი თეატრი), დავით კლდიაშვილის „უბედურება“ (მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი) და „ირინეს ბედნიერება“ (მესხეთის სახელმწიფო თეატრი), დათა თავაძის „დედაომი“ (ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი); ანა მარია გურგენიშვილის „ბიოციდი“ და მოლიერის „დონ ჟუანი“ (დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ხვლიკი“, დაიდგა თბილისის ცირკში), და სხვ.
საბა ასლამაზიშვილმა მიიღო არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო თუ პრემია. 2019 წელს გახდა პრემიების – „წინანდლისა“ და „დურუჯის“ ნომინანტი სპექტაკლით „მარატ/სადი“ (ილიაუნის თეატრი). ამავე სპექტაკლისთვის 2021 წელს დაჯილდოვდა „ვერცხლის ქოლგითა” და ახალგაზრდა რეჟისორისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზით ტაშკენტის საერთაშორისო ახალგაზრდულ თეატრალურ ფორუმზე. არის 2020 წლის ციფრული თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული ნომინაციაში „მაყურებლის ხმა“ სპექტაკლით „უბედურება“. 2021 წელს მიიღო შალვა (მუმუშა) გაწერელიას სახელობის ჯილდო სპექტაკლისთვის „უბედურება“ (მოზარდ მაყურებელთა თეატრი). 2023 წელს საქართველოს თეატრალური საზოგადოების დაჯილდოებაზე მიიღო გრან-პრი სპექტაკლისთვის „ირინეს ბედნიერება”.
„თეატრალური ფესტივალი სიღნაღში“ ყოველწლიურად ივნისის ბოლოს ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება. ფესტივალი სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და კერძო დონორების ფინანსური დახმარებით განხორციელდება.
ფესტივალის მიზანია ქვეყანაში სამოყვარულო ან/და სახალხო თეატრების მხარდაჭერა და ქართულ თეატრალურ სამყაროსთან ინტეგრაცია; სახელმწიფო თეატრების წახალისება სამოყვარულო ან/და სახალხო დასებთან კოპროდუქციების შექმნისათვის; სიღნაღის კულტურულ-შემოქმედებით ცენტრად ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.