სიმონ (სიკო) დოლიძის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა

6 თებერვალს ქართული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, სიმონ (სიკო) დოლიძის, დაბადებიდან 120 წელი შესრულდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„რეჟისორი დაიბადა ოზურგეთში, 1903 წელს. ფილმი პირველად ჩოხატაურში ნახა, სადაც ვასილ ამაშუკელის ბაქოში გადაღებულ კინოქრონიკას – „აქლემებით ნავთის გადაზიდვას“ – უჩვენებდნენ.
1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი და  „სახკინმრეწვში“ დაიწყო  მუშაობა რეჟისორის ასისტენტად, მერე კი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების დამდგმელი რეჟისორი გახდა.
1927 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „დღე ყარაჩოში“. 1928 წელს დააარსა და ხელმძღვანელობდა დოკუმენტური ფილმების სტუდიას. სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო მიხეილ კალატოზიშვილის „ჯიმ შვანთეს“ გადაღება.
სიკო დოლიძემ გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „მიურსალის გარღვევა“, „ოქტომბრის მე-12 წელი“, „მიწის ძახილი” (სამივე – 1929 წელს), „საბჭოთა ცეილონი“ (1930), „ფშავეთი“ (1932), „სახელოვანი გზა“ (1946).
1931 წელს გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი „ზვავთა მხარეში“. ამას მოჰყვა „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (1934). 2001 წელს ვისბადენის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორგანიზატორებმა ფილმი ჩართეს სპეციალურ რეტროსპექტივაში, რომელიც კავკასიის კონფლიქტებს მიეძღვნა.
რეტროსპექტივის პარალელურად გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მონაწილეებმა – დასავლეთის ავტორიტეტულმა კულტუროლოგებმა, ფილოსოფოსებმა, სოციოლოგებმა ის შეაფასეს, როგორც „ფესტივალის სენსაცია”, როგორც ფილმი, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს ეპოქასა და კავკასიელ ხალხთა ზნე-ჩვეულებებს. „ჯვაროსნებს“ მოჰყვა გახმაურებული და პოპულარული „დარიკო“ (1936), შემდგომ კი იყო ფილმები: :„მეგობრობა“ (1940) და „ჯურღაის ფარი“ (1944), რომლისთვისაც რეჟისორს სსრკ-ის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
სიკო დოლიძის ლიბრეტოსა და იდეის საფუძველზე შეიქმნა მსოფლიოში აღიარებული ფილმი – კოტე მიქაბერიძის კინოშედევრი „ჩემი ბებია“ (1929).
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სიკო დოლიძემ გადაიღო ფილმები: „ჭრიჭინა“ (1954), „ეთერის სიმღერა“ (1956), „ფატიმა“ (1958), „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (1959), „პალიასტომი“ (1963), „ქალაქი ადრე იღვიძებს“ (1967) და ა.შ. ქალიშვილთან, რეჟისორ ქეთი დოლიძესთან, ერთად გადაიღო ორი ფილმი: „კაცია-ადამიანი?!“ (1979) და „კუკარაჩა“ (1983).
სიკო დოლიძე იყო თავისი ფილმების სცენარის ავტორიც. აღსანიშნავია მისი თანამშრომლობა სერგო ზაქარიაძესთან ხუთ დაუვიწყარ ფილმში: „უკანასკნელი ჯვაროსნები“, „დარიკო“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი,“, „შეხვედრა წარსულთან“ და „პალიასტომი“. მის ფილმებში ასევე შთამბეჭდავი სახეები შექმნეს ნატო ვაჩნაძემ, თამარ ციციშვილმა, ვერიკო ანჯაფარიძემ, ბელა მირიანაშვილმა.
სიკო დოლიძემ დააარსა კინოს სახლები თბილისსა და ბიჭვინთაში. გარდა ამისა, გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოსა და 60-იანი წლების დასაწყისში მან ევროპული და ამერიკული ფილმების (იტალიური ნეორეალიზმი, ფრანგული ახალი ტალღა, პროგრესული ამერიკული კინემატოგრაფი და ა.შ.) საქართველოში ჩამოტანა და მცირერიცხოვანი აუდიტორიისთვის დახურული ჩვენება დაიწყო.
სიკო დოლიძე 22 მხატვრული ფილმის ავტორია. ის მუშაობდა ანიმაციაშიც. ცნობილი რეჟისორი არის პოპულარული მულტფილმების – „ჩხიკვთა ქორწილი“ (1957), „სათაგური“ (1965), „ბულბულის იუბილე“ (1978) და სხვ. – სცენარის ავტორი.
1957-1976 წლებში სიკო დოლიძე იყო საქართველოს სსრ კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე. დაჯილდოებულია ლენინის, ოქტომბრის რევოლუციის, ორი შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით. 1965 წელს რეჟისორს მიენიჭა სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება.
სიკო დოლიძე დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ოზურგეთში დგას სიკო დოლიძის ძეგლი და არის მისი სახელობის ქუჩა. 2021 წელს დიდუბის რაიონში, რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩასთან, უსახელო სკვერს სიკო დოლიძის სახელი მიენიჭა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები