“ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მინი კრემლია და, ბუნებრივია, მოსკოვის დავალებას ასრულებს” – ზაალ კასრელიშვილი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მინი კრემლია და, ბუნებრივია, მოსკოვის დავალებას ასრულებს, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
კასრელიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც ე.წ სამინისტრომ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეთა დელეგაციას ე.წ. რესპუბლიკაში შესვლაზე უარი უთხრა.
“აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთში არ შეუშვა ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეები, რომლებსაც როგორც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, ისე მოსახლეობასთან შეხვედრები უნდა ჩაეტარებინათ. ჩვენთვის არშეშვების მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენთვის მთავარია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადისლავ არძინბას შვილი გახლავთ. ის მოსკოვში გაიზარდა, იქ სწავლობდა, იქ მუშაობდა, მერე აქ გამოუშვეს, ანუ მინი კრემლია ეგ ე.წ. სამინისტრო და, სავსებით ბუნებრივია, მოსკოვის დავალებას ასრულებს. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ დაავალეს. იმიტომ დაავალეს, რომ ევროპული ოჯახისკენ საქართველოს ასეთი სწრაფი სვლა, ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ენერგომატარებლების, თუ ტვირთების კორიდორის შექმნის პერსპექტივა რეალური გახდა. რუსებს აფხაზეთის კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია არ სურთ. მათ არ უნდათ, აფხაზეთზე გავლენა ისევე დაკარგონ, როგორც ყარაბაღზე დაკარგეს, რადგან თურქეთი ჩაერია. აქ თუ ევროპა ჩაერია, ბუნებრივია, აფხაზეთის მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის ევროპელების და აშშ-ის დახმარება, გარანტია უფრო საინტერესო და მეტი იქნება, ვიდრე ომში მყოფი რუსეთის. ამიტომ, თავისი სატელიტების მეშვეობით, კონკრეტულად კი არძინბას ბიჭის ხელით, რომელიც ქართველების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა, ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ.
ჩვენ ვთვლით, რომ აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობას ქართველებთან პირისპირ სალაპარაკოდ კრემლი არ დასვამს. მას ბერკეტების დაკარგვის ეშინია. საქართველოზე გავლენა ამ ორი ოკუპირებული ტერიტორიით აქვს.
რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაკონსერვებული კონფლიქტებითღა ინარჩუნებს რეგიონში გავლენებს.
გააქტიურდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, ქართველთმოძულე ლავროვი. მისი ყველა განცხადების ქვეტექსტი ანტიქართულია. ის ქვეტექსტებით სთავაზობს “3+3″ ფორმატში დაბრუნებას, საქართველოსთან დიალოგის გამართვას. ეს, პირველ ყოვლისა, იმას გულისხმობს, რომ რუსეთს უნდა, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე რეგიონში თავი ისევ წარმმართველ ძალად დააფიქსიროს. მას ეს დასვლეთთან სავაჭროდ სჭირდება. გარდა ამისა, ამ განცხადებებით მესიჯებს უგზავნის ევროპას, დასავლეთს, აღმოსავლეთს, რომ მას ირანის სახით მოკავშირე ჰყავს როგორც ირანს, ისე მას შეუძლია, რეგიონში ცხელი წერტილები შექმნას, რომელიც მეგაპროექტებს შეაჩერებს. მაგრამ ვერ შეაჩერებს, ეს გამორიცხულია”, – განაცხადა ანალიტიკოსმა.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეთა დელეგაციას ე.წ. რესპუბლიკაში შესვლაზე უარი უთხრა.
ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრმა გაავრცელა.
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეთა დელეგაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.მაღალჩინოსნებთან შეხვედრები 8-9 თებერვალს უნდა გაემართა.
როგორც ე.წ. უწყებაში განმარტავენ, უარის თქმის მიზეზი გახდა ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გაუქმება, რომელიც 21-22 თებერვალს უნდა გამართულიყო, “გადაწყვეტილება ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეებმა ცალმხრივად მიიღეს.
ბოლო დროს ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თანათავმჯდომარეები ობიექტური მიზეზების გარეშე და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე იღებენ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს რაუნდის გაუქმების ან გადადების შესახებ. 2022 წელს დაგეგმილი ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი შედგა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. საგარეო უწყება თანათავმჯდომარეების ქმედებებს ,,მიკერძოებულს,, უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ ისინი აფერხებენ მოლაპარაკების პროცესს და დამატებით საფრთხეს უქმნიან რეგიონში სტაბილურობას.
რაც შეეხება ლავროვის განცხადებას – მისი თქმით, რუსეთის მიზანია, ხელი შეუწყოს “3+3” საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის მუშაობას, რომელსაც სასარგებლო და დროულ პლატფორმად მიიჩნევენ.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ 2021 წლის დეკემბერში დაწყებული “3+3” საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის მუშაობას (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ასევე, რუსეთი, ირანი და თურქეთი). ეს პლატფორმა, სადაც იგეგმება რეგიონული მოთამაშეების ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობის გაძლიერების პრაქტიკულ საკითხებზე ფოკუსირება, მიგვაჩნია სასარგებლოდ და დროულად“, – აღნიშნა ლავროვმა.