ზურაბ გიკაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

8 თებერვალს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ  გალერეაში ზურაბ გიკაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეროვნულ გალერეაში ექსპონირებული ზურაბ გიკაშვილის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა  25 თებერვლამდე გასტანს.
„ნამუშევრები, უმთავრესად, ბოლო დროსაა შექმნილი, თუმცა გამოფენა მხატვრის შემოქმედებას რეტროსპექტულადაც წარმოაჩენს. ზურაბ გიკაშვილის მხატვრობა „კადრს“ მიღმა შინაარსს ეხება. „ჩემი პეიზაჟები თუ კომპოზიციები ჩუმად ხმაურობენ,“ – უთქვამს მხატვარს. და მართლაც, მის ნაწარმოებთა გარეგნულ სისადავეში აქტიური ემოციურ-ინტელექტუალური ფიქრი იკითხება. მხატვრის ფერწერული თუ გრაფიკული ენა კლასიკურად ლაკონიური და მეტყველია. მის სურათებში უხილავად შეიგრძნობთ დასავლეთევროპული მხატვრობის აკადემიურ სკოლას. სავარაუდოდ, ეს ფაქტორი განაპირობებს, რომ ზურაბ გიკაშვილის მიერ შექმნილი თანამედროვე მხატვრული ფორმები ძნელად ასახსნელ სიმშვიდესა და კეთილშობილებასთან ზიარების განცდას ბადებენ.
ზურაბ გიკაშვილმა (დ.1961) 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ჯერ კიდევ სტუდენტობისას ის საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს იტალიაში, ჯიბელინაში, ხმელთაშუა ზღვის აუზის ახალგაზრდა მხატვართა ატელიეში. პროექტის კოორდინატორი იტალიელი არტკრიტიკოსი აქილე ბონიტო ოლივა იყო, ატელიეს ხელმძღვანელი კი – დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიის მაშინდელი რექტორი, მხატვარი და მოქანდაკე მარკუს ლუპერცი.
შემოქმედებითი თანამშრომლობის შედეგად ჯიბელინაში ახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენაც გაიმართა. მას შემდეგ ზურაბ გიკაშვილის საგამოფენო ისტორია აქტიურია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
მხატვარი მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში: რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში… ზურაბ გიკაშვილის 2 პერსონალური გამოფენა გაიმართა საზღვარგარეთ: 2006 წელს-Clement Gallery-ში (ვევე, შვეიცარია); 2015 წელს – Osthaus-Museum –ში (ჰაგენი, გერმანია). 2009 წელს მან სხვა მხატვრებთან ერთად საქართველო წარადგინა პრაღის ბიენალეზე. 2013 წლიდან ხელოვანი მუშაობდა და იფინებოდა ცნობილ გერმანელ მოქანდაკე ანატოლ ჰერცფელდთან ერთად.
ზურაბ გიკაშვილის ნამუშევრები ინახება შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ჯიბელინას (იტალია) თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ასევე – მოსკოვის აღმოსავლური ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (რუსეთი). ხელოვანი სხვადასხვა ცნობილი კოლექციის, მაგალითად , „Huma Kabakcı“-ის ნაწილია.
ბოლო ხანს მხატვარი გერმანიასა და საქართველოში ცხოვრობს“, – ნათქვამია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები