რუსეთის კულტურის სამინისტრო ტრეტიაკოვის გალერეას აკრიტიკებს და მისგან ანგარიშს ითხოვს

მოსკოვის ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეის გენერალურმა დირექტორმა ზელფირა ტრეგულოვამ რუსეთის კულტურის სამინისტროდან ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ მან 6 თებერვლამდე უნდა წარმოადგინოს ანგარიში გალერეის მუდმივი ექსპოზიციის დესტრუქციული იდეოლოგიის თაობაზე.

მოქანდაკე ალექსანდრ ბურგანოვი

კერძოდ, წერილში ნათქვამია, რომ სამინისტრომ ახლახან მიიღო ვინმე სერგეი შადრინის წერილი, სადაც ის აღწერს თავის შთაბეჭდილებას, რომელიც მას დაეუფლა ამ სახელგანთქმული გალერეის მუდმივი ექსპოზიციის ხილვისას. იგი აღნიშნავს, რომ ეს განსაკუთრებით შეუწყნარებელია 2022 წლის 9 ნოემბრის პუტინის ბრძანებულების შემდეგ, რომელიც ტრადიციული რუსული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დაცვას და განმტკიცებას გულისხმობს. ადამიანის უფლება, პატრიოტიზმი, მამულის სამსახური, ოჯახი და სულიერების პრიორიტეტი მატერიალურზე – ეს უნდა იყოს უმთავრესი ჩვენი საზოგადოებისთვის და ამ დროს რას ვხედავთ ტრეტიაკოვის გალერეის მუდმივ ექსპოზიციაში? ეს საერთოდ არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, დესტრუქციული იდეოლოგიის ნიშნებს ატარებს და ამაზე გალერეამ უნდა გააკეთოს დასკვნებიო.

„პიეტა“

ის აკრიტიკებს „საიდუმლო სერობას”, 13 ტილოსგან შემდგარ ციკლს, საიდანაც შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ ვინ ითველება იუდად? იგი განსაკუთრებულ აღშფოთებას გამოთქვამს ზურაბ წერეთლის შემდეგ, რუსეთში ყველაზე აღიარებული მოქანდაკის ალექსანდრ ბურგანოვის 1978 წელს შექმნილი „პიეტას” გამო, რომელსაც თავი არა აქვს და მასში ეშმაკისეულ ინტერპრეტაციას ხედავს. არადა, 88 წლის ბურგანოვი ის არტისტია, ვინც 2014 წელს გაამართლა რუსეთის შეჭრა უკრაინაში და პუტინს ხელმოწერით დაუჭირა მხარი.
ვნახოთ, როგორ ანგარიშს ჩააბარებს 6 თებერვლმდე ქალბატონი ზელფირა ტრეგულოვა კულტურის სამინისტროს? რით იმართლებს თავს მაღალთა წინაშე, რატომ ეუფლებათ გალერეაში მისულ მნახველებს მათი ექსპოზიციის გაცნობით „ღრმა პესიმიზმი, სიცარიელის შეგრძნება და გაუქარვებელი დარდი”?
ეს ცნობა გუშინ “The Moscow Times”-მა გაავრცელა. სტატიის ბოლოს კი ნიკიტა ხრუშჩოვის დროს იხსენებენ, კერძოდ, 1962 წელს, როცა ის მანეჟის გამოფენაზე მივიდა, უკანასკნელი სიტყვებით აგინა საბჭოთა მხატვრების სურათები და ამ სიმახინჯის აკრძალვა მოითხოვა.
60 წლის შემდეგ მოსკოვში იგივე მეორდება, მთავრობის ფხიზელი თვალი ყველაფერს ჩაჰკირკიტებს, ემანდ, ხალხის უსაფრთხოებას და მშვიდ ძილს ეშმაკისეულმა არ დარიოს ხელი?!

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები