გია ხუხაშვილი: პროცესებმა ყველასთვის ცხადად წარმოაჩინა “ნაცმოძრაობაში” შიდაპარტიული კრიზისი – ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს, პარტია, ფაქტობრივად, უკვე გაყოფილია
“პროცესებმა ყველასთვის ცხადად წარმოაჩინა “ნაციონალურ მოძრაობაში” შიდაპარტიული კრიზისი, რასაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს, მათ შორის დიდი იმედგაცრუება, რაც მოსდევს ხოლმე უსაფუძვლოდ შექმნილ მოლოდინსა და იმედს”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
ხუხაშვილი ინტერვიუში “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს აფასებს.
“რესურსების სიმწირე და დაპირისპირება პოლიტიკურ რაციოსა და ემოციას შორის, რაც, ჩემი აზრით, ამ კრიზისის ფუნდამენტური მიზეზია. ერთადერთი შანსი ამ კრიზისის გადალახვისა იყო არჩევნები და სწორი ქნეს, რომ ამ გზით წავიდნენ, მაგრამ რაც ამ საარჩევნო პროცესში გააკეთეს, ამით უფრო გააღრმავეს კრიზისი და პარტია დააზიანეს. შეიძლება ითქვას, ამ ყველაფერმა მსოფლმხედველობრივი დაპირისპირების სახე შეიძინა. ერთი მხრივ, არის ემოცია, რომელიც ორიენტირებულია სწრაფ შედეგზე, ფაქტობრივად, სასწაულზე, ეს ნაწილი არ აღიარებს არანაირ ლოგიკას, ითხოვს ისეთ რაღაცას, რისი გადაწყვეტის ფორმულა თვითონაც არა აქვს. იმავდროულად, ბრალდებებს უყენებს მეორე მხარეს და არანაირ არგუმენტებს არ აღიარებს. ბუნებრივია, ამ განწყობებით სარგებლობენ გარკვეული ინტერეს ჯგუფები, რომელთა დაპირისპირება ისეთ მძიმე ფაზაში შევიდა, რომ პარტიისთვის პოზიტიური გამოსავალი, ფაქტობრივად, არ ჩანს. ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს, პარტია, ფაქტობრივად, უკვე გაყოფილია. ჩემი აზრით, უკვე აღარც აქვს აზრი არჩევნების შედეგს.
პოსტსაარჩევნო სტაბილიზაცია კიდევ შესაძლებელი იყო, თუ მხარეები წინასწარ შეთანხმდებოდნენ, რომ არჩევნების შედეგებს უპირობოდ აღიარებდნენ და დაიცავდნენ პარტიულ დისციპლინას. ასეთი შეთანხმება ფორმალურადაც კი არ შედგა, შესაბამისად, მოლოდინი უნდა გვქონდეს იმისა, რომ დამარცხებული მხარე არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. დანაკარგები და ზიანი უკვე სახეზეა, ერთადერთი კითხვა რჩება, რამდენად მასშტაბური იქნება ზიანი.
ამ საკითხს სახელმწიფოებრივი პოლიტიკის პრიზმაში თუ განვიხილავთ, მოსალოდნელ გაყოფაში პოზიტივს უფრო ვხედავ, ვიდრე ნეგატივს, იმიტომ, რომ ამ პარტიის დასუსტება, მისი დაქუცმაცება, ფაქტობრივად, ხელისუფლებას ართმევს მთავარ იარაღს, რასაც ჰქვია პოლიტიკური ორპოლუსიანობა. ვიცით, რომ “ქართული ოცნება” მუდმივად ამ გზით ინარჩუნებდა ძალაუფლებას, როდესაც შუის გაკრეფას ახერხებდა და ყველა თავისი ოპონენტი პროპაგანდისტულად “ნაციონალური მოძრაობის” ორბიტაზე გაჰყავდა, რის მერეც აცხადებდა კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლას და ამ ტალღაზე ყველა ციკლში გამარჯვებული რჩებოდა. თუ”ნაციონალური მოძრაობა” დაკარგავს ამ ორბიტალურ მიზიდულობას, ფაქტობრივად, ქვეყანაში მივიღებთ მულტიპარტიულ ვითარებას, რაც პოლიტიკურ პროცესს მხოლოდ წაადგება, რადგან ეს ხელისუფლებას პროპაგანდისტულ ბრძოლაში წაართმევს მთავარ, ე.წ. მგელი მოდის ინსტრუმენტს. როდესაც რაღაც არაჯანსაღია და მუდმივად მარცხს განიცდის, მისი რეკონსტრუქცია, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომ ჯობს სრულად დაინგრეს, რის შემდეგაც ყველაფერი სუფთა ფურცლიდან აშენდება.…
მერაბიშვილი იძულებული გახდა გამოჩენილიყო. აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოში ჩამოტყუებით სააკაშვილს, რასაც ჰქვია, “შეუსრულეს”-მეთქი… მას შეუქმნეს ყალბი განცდა იმისა, რომ აქ ყველაფერი მზად იყო, საკმარისი იყო მისი გამოჩენა და ხელისუფლება შეიცვლებოდა. ვინ შეუქმნა ეს განცდა, საკითხავია. ჩემი აზრით, ეს იყო ერთგვარი სპეცოპერაცია, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს, რთულია. ამას, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილს რუსეთის გარდა, ძალიან მძიმეწონიანი მტრები ჰყავს უკრაინაშიც და საქართველოშიც. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყოფილიყო უკრაინელი და ქართველი ოლიგარქების ერთობლივი გეგმაც. ეს მათი საერთო ინტერესია – უკრაინელ ოლიგარქებს სააკაშვილის მოშორება სჭირდებოდათ, რადგან მათ სისხლს უშრობდა, ივანიშვილის ინტერესში კი იყო სააკაშვილის დაპატიმრება, რადგან “მგელი მოდის” გზავნილი პროპაგანდისტულად აღარ იყო საკმარისი. 2021 წლის არჩევნებზე ძალიან უჭირდათ და მგელი უკვე გალიაში სჭირდებოდათ. შესაბამისად, შეიძლება ასეთი სიტუაციური გარიგებაც ყოფილიყო. სააკაშვილი ადვილად ეგება ემოციაზე, სისტემატური მუშაობით შეიძლებოდა მისი შეცდომაში შეყვანა.…
შემიძლია მარტივი რამის თქმა – ყველა დამნაშავეა, ვინც სააკაშვილს არწმუნებდა, საქართველოში ჩამოდიო, მიუხედავად იმისა, ამას შეგნებულად, ღალატით აკეთებდა თუ სიბრიყვით. შედეგის თვალსაზრისით, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ნებისმიერი, ეს კეზერაშვილი იყო, მერაბიშვილი თუ ვინმე სხვა, სააკაშვილს გულწრფელადაც თუ არწმუნებდა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო, მაინც დამნაშავეა”,- განაცხადა ხუხაშვილმა.
კითხვაზე: “კეზერაშვილი და მერაბიშვილი ახსენეთ და, რატომ იბრძვიან ისინი “ნაციონალურ მოძრაობაზე” გავლენის მოსაპოვებლად ასე მძაფრად, რა გეგმები შეიძლება ჰქონდეთ?”, ხუხაშვილი პასუხობს რომ ეს გრძელვადიანი თამაშია.
“ჩემი აზრით, ეს გრძელვადიანი თამაშია. როდესაც ამ ბრძოლას იწყებდნენ, სავარაუდოდ, ფიქრობდნენ, რომ მათთვის ამ ამბიდან მინიმალური ბონუსი ის იქნებოდა, თუ ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდნენ, მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე კონტროლის დაწესებით პირად ამბიციებსაც დაიკმაყოფილებენ და პოლიტიკურ თუ ფინანსურ ინტერესებსაც. გარდა ამისა, თუ მართლაც პარტიის მთავარი ინვესტორები არიან და ამ ყველაფერში ფულს იხდიან, ბუნებრივია, სურთ მუსიკაც თვითონ დაუკვეთონ. აქედან გამომდინარე, მათთვის მელია სრულიად არაკომფორტულია, ის მათ, როგორც ავტორიტეტებს, არათუ არ აღიარებს, საერთოდ არაფრად აგდებს. გამომდინარე იქიდან, როგორ გადაამლაშეს, არცთუ დიდად ჭკვიანები ყოფილან. მათ ვერ გაითვალისწინეს ბევრი ფაქტორი, შედეგად ის პროდუქტი, რაშიც ინვესტიციას დებენ, თვითონვე დააზიანეს. საქმე ისე წაიყვანეს, რომ მოგების შემთხვევაში, პარტიაზე კონტროლის ნაცვლად, შეიძლება პარტიის ნარჩენები შერჩეთ ხელში. რაც შეეხება სააკაშვილის ინტერვიუს, ჩემი აზრით, მას ძალიან მწვავე დეპრესია აქვს. შესაბამისად, მის განცხადებებში რაიმე გათვლებს და პარტიასთან დაკავშირებულ რაღაც გეგმებს ვერ ვხედავ. შეუძლებელია ადამიანი ასე თამაშობდეს. ის მართლაც მძიმედ არის ავად, ოღონდ არა იმდენად ფიზიკურად, რამდენადაც მენტალურად. ამიტომაც არა მგონია, რაიმე საარჩევნოდ წინასწარი განზრახვით ეთქვას”, – განაცხადა ხუხაშვილმა.