ევროკავშირის ლიდერები ვლადიმერ პუტინთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან, რადგან ევროპული დედაქალაქები სულ უფრო იმედგაცრუებულები არიან უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებით, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ მისი აზრით, ევროკავშირს აქვს პუტინთან მოლაპარაკების „პოტენციალი“ და რომ ბლოკს ასეთი დიალოგისთვის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა აქვს.
„მე ვესაუბრები ევროკავშირის 27 ეროვნულ ლიდერს, რათა ვიპოვოთ ორგანიზების საუკეთესო გზა და განვსაზღვროთ, რა უნდა განვიხილოთ ეფექტურად რუსეთთან, როდესაც ამის გაკეთების დრო დადგება“, – თქვა კოშტამ.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, გასულ თვეში კვიპროსში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ზელენსკიმ ევროპელებს მოუწოდა, „მომზადებულიყვნენ მოლაპარაკებებში დადებითი წვლილის შესატანად“. ამავდროულად, კოშტამ აღნიშნა, რომ მოსკოვს ჯერ არ გამოუვლენია რაიმე ნიშანი იმისა, რომ ეფექტური მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
ზელენსკის ოფისმა კოშტასთან აღნიშნული საკითხების განხილვა დაადასტურა.
„ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კოორდინაცია ევროპულ დონეზე“, – განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ ეს შეიძლება მოხდეს ერთი ლიდერის მონაწილეობით, რომელსაც შეუძლია რუსეთთან ევროპელების სახელით საუბარი მოსკოვზე ზეწოლის გასაძლიერებლად.
ევროკავშირის ზოგიერთმა ლიდერმა, მათ შორის ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა, კრემლთან მოლაპარაკებების არხის გახსნის საკითხი წამოჭრა.
თუმცა, 27 ქვეყანას შორის არ არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა დაინიშნოს ბლოკის წარმომადგენლად ასეთ მოლაპარაკებებში, როდის უნდა დაიწყოს ის და რა უნდა იყოს წინადადება პუტინისთვის.
ახლახან ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებმა უკვე ახლა უნდა დაგეგმონ თავიანთი მოქმედებები იმ დროისთვის, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება და განსაზღვრონ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის მოდელი, რადგან ეს შეიძლება მოხდეს სწრაფად და მოულოდნელად.
წლის დასაწყისში კარისმა და ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა მოითხოვეს.
ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა არ უნდა სთხოვონ რუსეთს მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად, არამედ პირიქით, ისეთ მდგომარეობაში უნდა ჩააყენონ იგი, რომ მოსკოვი თავად გადავიდეს რეალურ დიალოგზე.