საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მხატვრის – გელა ზაუტაშვილის გარდაცვალების გამო
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მხატვრის, გელა ზაუტაშვილის, გარდაცვალების გამო.
„გელა ზაუტაშვილი 1980-იანი წლებიდან აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენაში, როგორც საქართველოში, ისე – უცხოეთში. მათ შორის არის: „თაობა 80“ (თბილისი, 1986წ.), „ქართული ფიგურატიული ხელოვნება“ (ერმიტაჟის ბაღი, მოსკოვი, 1987წ.), ქართული აბსტრაქტის პირველი ჯგუფური გამოფენა (სახელმწიფო სამხატვრო გალერეა, თბილისი, 1987წ,), „ავანგარდი-88“ (თბილისის მუზეუმი, 1988წ.), ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა (ჩიკაგო, აშშ, 1989წ.), საბჭოთა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა (ბაზელი, შვეიცარია, 1989წ.), „ხელოვნება“ (მელბურნი, ავსტრალია, 1990წ.) და სხვა.
მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი ლეონიდ ბაჟანოვი წერდა: „გელა ზაუტაშვილის ფერწერა ფერწერაა. ნუ შეგვაშინებს ეს ტავტოლოგია. მისი შემოქმედება აგრძელებს XX საუკუნის მუსიკისა და პლასტიკური ხელოვნების ურთიერთობის ტრადიციას, რომელიც ისეთი კორიფეების შემოქმედებით არის წარმოდგენილი, როგორებიც არიან: სკრიაბინი, კანდინსკი, კლეე, შონბერგი, მონდრიანი, კეიჯი, პოლოკი, ნუნო და სხვა შესანიშნავი ხელოვანები“.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი პატივს მიაგებს გელა ზაუტაშვილის ხსოვნას, უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.