კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ელდარ შენგელაიას, რომელსაც 90 წელი შეუსრულდა

კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს გენიალურ კინორეჟისორს, რომლის შემოქმედებაც ყველა თაობის მაყურებლისათვის უძვირფასესია.
„დიდ რეჟისორს, ბატონ ელდარ შენგელაიას, 90 წელი შეუსრულდა! მისი ფილმების ფრაზებით საუბრობს მთელი საქართველო, დიდი თუ პატარა. ელდარ შენგელაიამ ქართულ კინოში განსაკუთრებული ეპოქა შექმნა. დიდმა რეჟისორმა შემოქმედებითი საქმიანობა 1957 წლიდან დაიწყო. ამ წელს მან, ჯერ ისევ კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის (ВГИК) სტუდენტმა, რეჟისორ ალექსი სახაროვთან ერთად გადაიღო პირველი ფილმი „ლეგენდა ყინულის გულზე“.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1958-1960 წლებში, ელდარ შენგელაია კინოსტუდია „მოსფილმის” რეჟისორი იყო. 1960 წელს ის საქართველოში დაბრუნდა და კინოსტუდია „ქართული ფილმის” რეჟისორი გახდა.
ელდარ შენგელაიას შემოქმედებამ თავიდანვე მოიპოვა ქართველი და არამხოლოდ ქართველი მაყურებლის უდიდესი სიყვარული. მისი ფილმები: „თეთრი ქარავანი” (1964), „მიქელა” (1965), „არაჩვეულებრივი გამოფენა” (1969), „შერეკილები” (1973), „სამანიშვილის დედინაცვალი” (1977), „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” (1983), „ექპრეს-ინფორმაცია” (1993). გამოირჩევა განსაკუთრებული რეჟისორული ხელწერით, დახვეწილი იუმორით, თამამი საზოგადოებრივი პოზიციით, პრობლემებისადმი შეურიგებლობით, მსახიობთა არაჩვეულებრივი ანსამბლით. განსაკუთრებულია რეჟისორის თანამშრომლობა გენიალურ დრამატურგებთან, აწ გარდაცვლილ რეზო გაბრიაძესთან და რეზო ჭეიშვილთან.
კანის საერთაშორისო ფესტივალის მიერ კინოკლასიკოსად ორგზის აღიარებული დიდი ხელოვანი კვლავინდებურად სავსეა შემოქმედებითი ენერგიით. ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდგომ ის წარმატებით დაუბრუნდა საყვარელ საქმიანობას და შექმნა ახალი ნაწარმოებები: „სავარძელი“ ( 2017) და კინოალმანახი „მრავალჟამიერ: ჭა, სიმღერა, ჩიტები“ ( 2022).
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ელდარ შენგელაია აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწეოდა. იგი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია. იყო რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი.
რეჟისორის განსაკუთრებული ღვაწლი არაერთი პრემიითა და ჯილდოთი აღინიშნა. მათ შორის არის: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო), წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია; არის საქართველოსა და სსრკ-ის სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
გამოჩენილი ქართველი რეჟისორის საიუბილეო თარიღი არაერთი ღონისძიებით აღინიშნება, კერძოდ: 2022 წლის ბოლოს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით გამოიცა ელდარ შენგელაიას საიუბილეო დისკ-ალბომი. ალბომში არის რეჟისორის რვა ფილმი, რომელთაგან შვიდი აღდგენილია კულტურის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით. 1-5 თებერვალს ეროვნული არქივი ე. შენგელაიას ფილმების რეტროსპექტულ ჩვენებას უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორია სსიპ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი საქართველოს ეროვნულ არქივთან ერთად. თებერვალსა და მარტში კინოცენტრის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გაიმართება რეჟისორის ფილმების ჩვენება ლონდონში, ლისაბონსა და ბერლინში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დღეს, 26 იანვარს, კინოთეატრ „ამირანში“ რეჟისორის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. საღამოზე წარმოადგენენ ელდარ შენგელაიას პირადი ცხოვრების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობის სხვადასხვა პერიოდის ამსახველ ბიოგრაფიულ კოლაჟებს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გულითადად ულოცავს ელდარ შენგელაიას იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები