გიორგი გობრონიძე: ევროპა ჩვენგან გაკრიტიკებას ნამდვილად იმსახურებს იმის გამო, რომ 2008 წელს სათანადოდ არ შეაფასა რუსეთი

“ევროპა ჩვენგან გაკრიტიკებას ნამდვილად იმსახურებს, მაგრამ იმის გამო კი არა, რომ თურმე ომში გვითრევდა, არა, იმის გამო, რომ 2008 წელს რუსეთი სათანადოდ არ შეაფასა”, -ამის შესახებ ანალიტიკოსი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

გობრონიძე ინტერვიუში, რეგიონში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

“ჩვენი რეგიონისთვის 2022 წელი იმითაც არის დასამახსოვრებელი, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ წელს დაწყებული დაპირისპირება ისევ გაგრძელდა და საერთოდ, ბევრი რამ შეიცვალა. ერთი მხრივ, ვხედავთ სომხეთის საგარეო ვექტორების დივერსიფიკაციას, მეორე მხრივ, რეგიონში თურქეთის გაძლიერებას, ირანის ახალ ინტერესებსა და აზერბაიჯანის არაერთგვაროვან პოლიტიკას. ვგულისხმობ როგორც თურქეთთან მჭიდრო კავშირს, ასევე რუსეთთან მჭიდრო დაახლოებას. უკრაინაში შეჭრის წინადღეს ალიევმა და პუტინმა გააფორმეს მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც არც ერთმა მხარემ არ უნდა გადადგას მეორე მხარის ნაციონალური ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი თანდათან ბუნდოვანი ხდება, ქვეყნის მმართველი გუნდი კი უმთავრესად შიდაპოლიტიკურ კინკლაობაზეა გადართული. მართალია, ომის დაწყებიდან ერთ თვეში აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა უკრაინას და აზერბაიჯანის პოზიციამ რუსი საზოგადოების განსაზღვრულ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ კრემლს ოფიციალურად ამ საკითხზე ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია. ეს ნიშნავს, რომ დიდ თამაშში აზერბაიჯანის მოქმედება არ ეწინააღმდეგება რუსეთის ნაციონალურ ინტერესებს. გავიხსენოთ ოდეკაბეს განცხადება, როდესაც ფაშინიანმა დახმარებისთვის მიმართა. ამ ორგანიზაციამ პრაქტიკულად უარყო სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა, პირდაპირ თქვა, არ არის ფაქტი იმისა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვარი დაარღვია, ვინაიდან ამ ორი ქვეყნის საზღვარი დემარკირებული არ არისო. არადა, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ ჯერმუკზე. სომხეთის მთლიან ფართობს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ქალაქი ქვეყნის შუაგულშია… რეგიონში რუსეთის გაძლიერება თურქეთს არ სურს და კრიტიკულ მომენტში აზერბაიჯანიც უპირობოდ გაატარებს თურქეთის ინტერესებს. აზერბაიჯანს თურქეთთან ერთად რუსეთიც სჭირდება, რათა ყარაბაღში თავისი წესრიგი დაამყაროს, თუნდაც ის სახმელეთო კორიდორი გახსნას, რომლითაც ასევე დაინტერესებულია მოსკოვი. სხვათა შორის, სწორედ ეს საერთო ინტერესი გახდა სომხებისთვის იმის ფიქრის საფუძველი, რომ რუსეთმა მათ უღალატა. რეგიონში რუსეთისა და თურქეთის ინტერესების დაბალანსება მართლა ძნელად წარმოსადგენია. თუმცა არის საკითხები, რომელთა თაობაზე ამ ორი დიდი მოთამაშის ინტერესები ემთხვევა. ეს ცხადი შეიქნა “სამს პლუს სამის” ფორმატშიც. რა შეიძლება ჰქონოდათ საერთო რუსეთს, თურქეთსა და ირანს კავკასიაში? ერთადერთი რამ – დასავლეთის გასვლა რეგიონიდან, მაგრამ ამის მიღმა არის ძალზე აქტიური კონკურენცია და ინტერესთა შეჯახება. აი, ეს დეტალები კარგად აქვს გააზრებული ალიევს და ცდილობს ყველა მცირე შესაძლებლობა სათავისოდ გამოიყენოს… ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს ლავირებისთვის, მაგრამ ერთია, რას ცდილობ და მეორე, რა გამოგდის. ბოლო დროს ხშირად ვისმენთ ხისტ განცხადებებს ამერიკის ელჩზე, ევროპარლამენტარებსა და სხვა გავლენიან დასავლელ პოლიტიკოსებზე. ეს არ არის ლავირების გონივრული მეთოდი. ეს ხელოვნური კონფრონტაციის შექმნაა შიდაპოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად. ძალიან დიდი შეცდომა იყო “აბა, ომი გინდათ” რიტორიკა და სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს დასავლეთს ჩვენი ომში ჩართვა სურდა. ჩვენ არა ვართ ისეთი ძალა, რომელსაც შეუძლია გარდატეხის შეტანა ომის სურათში და რატომ უნდა დასჭირვებოდათ ჩვენი ომში ჩართვა, იმისათვის, რომ ჩვენ გავმხდარიყავით გადასარჩენი?

ჩვენ წლების განმავლობაში “ვიყოჩაღეთ” და რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული გავხდით. ჩვენი ძალიან ბევრი სტრატეგიული და ინდუსტრიული სიმძლავრე რუსეთს ეკუთვნის, ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილიც რუსულ ბაზარზე მოდის. 2012 წლიდან დღემდე 10 წელია გასულია. წესით, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე უნდა გვემუშავა. ისეთი პირობები უნდა შეგვექმნა, რომ ბიზნესს რუსეთის გარდა სხვა ქვეყნების ბაზრებზეც შესძლებოდა ოპერირება – ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ხოლო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული. მაგრამ შეგვეძლო ახალი ბაზრების ათვისება და ეკონომიკის იმგვარად დივერსიფიცირება, რომ რუს ტურისტებზე, რუსეთიდან შემომავალ კაპიტალზე არ ვყოფილიყავით დამოკიდებული. ახლა ისეთ დღეში ვართ, უკრაინის კი არა, საქართველოს დაბომბვის გამო რომ დაეწესებინათ რუსეთისთვის სანქციები, იმასაც კი ვერ შევუერთდებოდით, მაგრამ შეიძლებოდა ამ სიტუაციიდან ისე გამოსვლა, რომ ჩვენს მტერთან მებრძოლი ქვეყანა არ გაგვეღიზიანებინა. იმაზე უკეთესი რა უნდა მოხდეს ჩვენს უახლოეს ისტორიაში, რომ ვინმემ ჩვენი მტერი დაამარცხოს?! დავაკვირდეთ მოვლენებს და მოვიქცეთ ისე, რომ ვინმე არ გავაღიზიანოთ. მხოლოდ რუსეთს ან უკრაინას არ ვგულისხმობ, არც დასავლელი პარტნიორების გაღიზიანებაა სწორი… კითხვა მაქვს “ქართულ ოცნებასთან” – რატომ არ გამოვიყენეთ საერთაშორისო არენაზე ჩვენი პოზიციების გამყარების შესაძლებლობა? ახლა ხომ მაინც დაინახა დასავლეთმა რუსეთის რეალური მხარე? რატომ არ ავტეხეთ ერთი ამბავი იმის გამო, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები სამარცხვინოდ შეაფასეს, რატომ არ დავამუნათეთ ევროკავშირი იმის გამო, რომ თავის დროზე ტალიავინი რუსეთის გაღიზიანებას მოერიდა? მე რომ ქართველი დიპლომატების ადგილზე ვყოფილიყავი, ევროპარლამენტს ტალიავინის დასკვნას თავზე გადავახევდი.

ევროპა ჩვენგან გაკრიტიკებას ნამდვილად იმსახურებს, მაგრამ იმის გამო კი არა, რომ თურმე ომში გვითრევდა, არა, იმის გამო, რომ 2008 წელს სათანადოდ არ შეაფასა რუსეთი. ის კი არ უნდა გვეძახა, ევროპარლამენტის რეზოლუცია ფარატინა ქაღალდიაო, ისეთივე პრივილეგიები უნდა მოგვეთხოვა, დღეს უკრაინა რომ ითხოვს. უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო იყო მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგრამ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ჩვენ ვერა! რატომ? იმიტომ, რომ უკრაინამ სათანადოდ გამოიყენა შესაძლებლობა, ჩვენ ვერა! კიდევ ერთი აბსურდი მოხდა – ჩვენ ყველა საერთაშორისო არენაზე დავუჭირეთ მხარი უკრაინას, მაგრამ ჯეროვნად არ აღვნიშნეთ. სხვა სახელმწიფოები მცირედსაც რომ აკეთებენ, იმასაც ისე ფუთავენ, გეგონება, უზარმაზარი რამ გააკეთეს. ეს ბევრი რამის ბრალი შეიძლება იყოს, მთავარია, შეცდომა დაშვებულია და ის გამოსასწორებელია. ომით გამოწვეულმა კრიზისმა რისკებთან ერთად ქართველებს შესაძლებლობებიც მოგვცა. მაგალითად, რუსეთიდან შემოსულმა ძალიან ბევრმა მოქალაქემ საფრთხეებსა და რისკებთან ერთად კაპიტალიც შემოიტანა, რამაც მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდა განაპირობა. იმის მაგივრად, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ვკმაყოფილდებით იმით, რომ ჩვენს რესტორნებს ბევრი ქერა კლიენტი ჰყავს.

რუსებმა უკრაინაში შეჭრით ისეთი შეცდომა დაუშვეს, როგორიც რუსულ პოლიტიკურ ელიტას არასდროს დაუშვია, მაგრამ იმას ვერ ვხვდები, სამხედრო ანალიტიკოსებს რატომ ეგონათ, რომ ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა, სადაც 45 მილიონი კაცი ცხოვრობს, ადვილი დასამარცხებელი იქნებოდა, მით უფრო იმ ძალით, რომელიც რუსეთს ჰქონდა – 200 000 ჯარისკაცით ევროპის ყველაზე დიდი ტერიტორიის დაპყრობა და შემდეგ მისი გაკონტროლება სრული აბსურდია. ასევე აბსურდია 4-მილიონიანი ქალაქის აღება 25 000-კაციანი სამხედრო კონტინგენტით. 25 000 მოხალისე მარტო ერთ უბანში მოაგროვეს უკრაინელებმა. უკრაინის ბრძოლისუნარიანობამ დასავლეთს ბიძგი მისცა ინვესტიცია ჩაედო მის გამარჯვებაში. სამხედრო დახმარება მორალური ვალდებულება კი არა, პრაგმატული მიზნებით განპირობებული გადაწყვეტილებაა. ევროკავშირმა დაინახა, რომ რუსეთი მისთვის რეალური საფრთხეა. ახლა საკითხი დგას ასე – როგორ გამოვა ამ სიტუაციიდან რუსეთი. უკვე ფაქტია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებული პუტინის ამოცანა ჩავარდა. ნატომ არათუ 1997 წელს დაწესებულ საზღვრებთან არ დაიხია, 1600 კილომეტრით მიიწია რუსეთის საზღვრისკენ. რაც უფრო გრძელდება კრიზისი, მით მეტად უჭირს რუსეთსაც, უკრაინასაც და ევროპასაც. არავინ იცის, რა შედეგით დასრულდება ეს ომი. ორივე მხარის წინააღმდეგ არის ფაქტორები და ორივე მხარეს აქვს უპირატესობები. საქართველო ორივე სცენარისთვის უნდა ემზადებოდეს. თუ რუსეთი დამარცხდა, მოსკოვს მოუწევს ექსკლუზიური გავლენის ზონებიდან გასვლა. ამ შემთხვევისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს გამზადებული აფხაზეთსა და ცხინვალთან, ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის სტრატეგია და გეგმა. მზადება უნდა დავიწყოთ იმ საფრთხეებისთვისაც, რომლებსაც რუსეთი სულის მოთქმის შემდეგ ისევ შეგვიქმნის. თუ რუსეთმა ეს ომი მოიგო, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. რუს საზოგადოებას იმედი მიეცემა, რომ მოსკოვი შეძლებს საბჭოთა კავშირის აღდგენას. ეს ჩვენს სუვერენიტეტს ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნის”,- განაცხადა გობრონიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები