იონათამიშვილი – “ბუკების” უკან დაბრუნების მოთხოვნაზე: გადასახადის გადამხდელების ფული გვაქვს გადახდილი…ძალიან უხერხულია მსგავსი განცხადებების კეთება
მაშინ, როდესაც უკრაინას ამერიკაც კი უარს ეუბნებოდა ჰაერის გადაკეტვაზე, ჩვენ გვთხოვდა, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვითი კომპლექსები გადაგვეცა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ანდრეი კასიანოვის სტატიას, რომლის მიხედვითაც, ოფიციალური კიევი თბილისს 2008 წელს გადაცემული “ბუკების” უკან დაბრუნებას სთხოვს.
„არავის დასამადლებელი არაფერი გვჭირს, რადგან გადასახადის გადამხდელების ფული გვაქვს გადახდილი. ძალიან უხერხულია მსგავსი განცხადებების კეთება. მით უმეტეს, ქრონოლოგიას თუ დავაკვირდებით, გამოდის, რომ მაშინ, როდესაც უკრაინას ამერიკაც კი უარს ეუბნებოდა ჰაერის გადაკეტვაზე, ჩვენ გვთხოვდა, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვითი კომპლექსები გადაგვეცა.
ასევე გაუგებარია ლოგიკა, ვინაიდან, თუ აშშ-ს შეეძლო სხვა ქვეყნისთვის ახალი აღჭურვილობა გადაეცა, ამ მხრივ ყველაზე ლოგიკურია იმ ქვეყნისთვის გადაეცა, რომელიც უსამართლო ომში იმყოფებოდა რუსეთის მხრიდან”, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ოფიციალური კიევი თბილისს „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნებას სთხოვს, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაშია აღნიშნული, რომელიც უკრაინულმა მედიამ გამოაქვეყნა.