რატი იონათამიშვილი: რადიკალებს “ნაციონალური მოძრაობა” თავზე ენგრევათ
“რადიკალებს “ნაციონალური მოძრაობა” თავზე ენგრევათ და ახლა თავისი ხერხებით ცდილობენ პირადი სარგებლისთვის ერთმანეთის გაშავებას”,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი იმ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ ნიკა მელია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.
როგორც იონათამიშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას აღნიშნა, “გველი იცვლის კანს და არა ზნეს”.
“ცხადია, ეს ახალი არ არის “ნაციონალური მოძრაობისთვის” და ჩვენ ამას წლების მანძილზე ვხედავდით, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და როდესაც ოპოზიციაში არიან აკეთებენ იგივეს არა მხოლოდ ამ მიმართულებით, მახსენდება გრიგოლ რობაქიძის სიტყვები, რომ გველი იცვლის კანს და არა ზნეს”, – აცხადებს იონათამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.